თურქული საინფორმაციო არხისთვის (TRT World) მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აყენებს.
მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს – კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე ფოკუსირებული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ქვეყანა აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება იქნება.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონკრეტულ მიზანს არ წარმოადგენს გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. ზალკალიანის განცხადებით, ამიტომ, საქართველოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტი ორგანიზაციისთვის იქნება ახალი ხედვა და ბიძგი ეკოლოგიური ზიანის შედეგებისგან ადამიანების დაცვის კონტექსტში.
როგორც მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, საქართველოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა იქნება.
„მოქალაქეთა უწყვეტი მონაწილეობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპის საბჭოს სამ ძირითად მიმართულებას, როგორიცაა – დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის შემდეგ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება წარმოადგენს, რომელიც მთელ კონტინენტზე არსებული მწვავე პრობლემაა.
„ამ თვალსაზრისით, საქართველოს ახალი კანონმდებლობა და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, რომელიც შეუძლია, სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს“, - აღნიშნა მან.
საქართველოს მეოთხე პრიორიტეტზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მიზანი იქნება ხელი შეუწყოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობის გზით დემოკრატიის განვითარებას.
„საქართველოს ამოცანაა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს და დაეხმაროს მათ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზაციაში, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო განიხილავს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, გადაუჭრელ კონფლიქტებს უკრაინასა და საქართველოში და ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებს.