logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ევროპის საბჭოს ახალ ხედვას სთავაზობს
- +

2 თებერვალი. 2020. 15:42

 

 

თურქული საინფორმაციო არხისთვის (TRT World) მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აყენებს.

 

ზალკალიანის თქმით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს - კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე ფოკუსირებული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ქვეყანა აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან იმისათვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში.

 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება იქნება. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონკრეტულ მიზანს არ წარმოადგენს გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. ამიტომ, საქართველოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტი ორგანიზაციისთვის იქნება ახალი ხედვა და ბიძგი ეკოლოგიური ზიანის შედეგებისგან ადამიანების დაცვის კონტექსტში.

 

როგორც მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა იქნება. მინისტრის თქმით, „მოქალაქეთა უწყვეტი მონაწილეობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპის საბჭოს სამ ძირითად მიმართულებას, როგორიცაა - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“.

 

საქართველოს თავმჯდომარეობის შემდეგ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება წარმოადგენს, რომელიც, ზალკალიანის თქმით, მთელ კონტინენტზე არსებული მწვავე პრობლემაა.

 

„ამ თვალსაზრისით, საქართველოს ახალი კანონმდებლობა და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, რომელიც შეუძლია სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

საქართველოს მეოთხე პრიორიტეტზე საუბრისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მიზანი იქნება ხელი შეუწყოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობის გზით დემოკრატიის განვითარებას.

 

საქართველოს ამოცანაა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს და დაეხმაროს მათ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზაციაში, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

მინისტრის თქმით, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო განიხილავს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, გადაუჭრელ კონფლიქტებს უკრაინასა და საქართველოში და ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებს. ​

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner