„ახალ კორონავირუსზე სადიაგნოსტიკო სისტემა ოთხ სხვადასხვა ქვეყანაშია შეკვეთილი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახალ კორონავირუსზე სადიაგნოსტიკო სისტემა ოთხ სხვადასხვა ქვეყანაშია შეკვეთილი. ვიმედოვნებთ, ერთი ქვეყანა მაინც შეძლებს, რომ მოგვაწოდოს ეს ტესტ-სისტემები, მაგრამ ამ ტესტ-სისტემის მოწოდების ყველაზე ადრეული დღე ორშაბათი, დღის ბოლო, ან სამშაბათია“, - აცხადებს ეზუგბაია.
მისი განმარტებით, ამ დრომდე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ სამი პაციენტი რჩება. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან, თუმცა არც ერთი ფაქტი კორონავირუსის შემთხვევად არ განიხილება.
„ორი პაციენტი, რომელთან ერთი ქალაქ უხანიდანაა ჩვენს ქვეყანაში შემოსული, მასთან გასულია ყოველგვარი საინკუბაციო პერიოდი, მაგრამ ვინაიდან, ქვეყანა, ყველანი ძალიან მშვიდად ვიყოთ, ველოდებით პასუხს რეფერალური ლაბორატორიიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პასუხი უარყოფითი იქნება, მაგრამ როცა მათი პასუხი გვეცოდინება, ყველა კითხვა მოიხსნება და ეს ქალბატონი ბინაზე გაეწერება. დღეს, დილით შემოსული ქალბატონი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშაა. ამჟამად გვყავს სამი პაციენტი, ერთი ახალი და ორი, რაც თქვენთვის ცნობილი იყო“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.
მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ მოსახლეობა მშვიდად იყოს ნებისმიერი ტემპერატურული რეაქცია და ნებისმიერი კავშირი ჩინეთის რესპუბლიკასთან, მაღალ კონტროლს ექვემდებარება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ფრთხილობს, შემიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამსახური, დაავადებათა კონტროლი, აეროპორტისა და სხვა სასაზღვრო პუნქტების შესაბამის სამსახურებიც ძალიან კოორდინირებულად მუშაობენ. ვცდილობთ სასაზღვრო ზოლში, აეროპორტის ჩათვლით, ნებისმიერი ტემპერატურული რეაქციის მქონე პაციენტის გამოკითხვა და შეფასება მოხდეს. ამიტომ ნებისმიერი მოგვყავს, ვაკვირდებით და გადაწყვეტილებას ვიღებთ. ძალიან გამკაცრებულია ქვეყანაში ზომები, რომ არ მოხდეს ახალ კორონავირუსზე საეჭვო პაციენტის ქვეყნიდან გადინება. შესაძლო შემთხვევა უნდა იყოს ჰუბეის პროვინცია, ქალაქი უხანი, 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა. თუ ეს კრიტერიუმები არ არის, არ განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა, მაგრამ იმისთვის, რომ მოსახლეობაც და ყველანი წყნარად ვიყოთ, ნებისმიერი ტემპერატურული რეაქცია და ნებისმიერი კავშირი ჩინეთის რესპუბლიკასთან, ჩვენთვის კონტროლის მაღალი შემთხვევაა“, - აცხადებს ეზუგბაია.