„მე ბიძინა ივანიშვილს ვუფასებ იმ ღვაწლს, რაც მან შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა თოქ-შოუ SWOT-ანალიზში განაცხადა.
თუმცა, ინაშვილის თქმით, ეს არ ავალდებულებს მას, თვალი დახუჭოს იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და არ აფერხებს, ღიად ისაუბრობს ამაზე.
„ის, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა, ჩემთვის არის მიუღებელი. მე ეს მაშინაც კი არ გამიკეთებია, როცა სააკაშვილის რეჟიმი ზეობდა ამ ქვეყანაში, როდესაც ვურტყამდით სააკაშვილს, ვიყავით მართალი ამ შემთხვევაში. ახლა ნებისმიერი თემა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კვირიკაშვილი, ივანიშვილი და ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი "ვამხილოთ", ჩემი აზრით, არ არის კორექტული და არ არის სწორი.
მე გაცილებით მწვავედ გამიკრიტიკებია, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკოსს და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენელს, მაგალითად, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ღია ეთერიდან უთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არის პასუხისმგებელი საკადრო პოლიტიკაზე ქვეყანაში, რომ მან მოიყვანა ხელისუფლებაში არაერთი ადამიანი, რომელმაც ვერ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ღიად უთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა, როდესაც შენ თავს ახვევ საზოგადოებას უცნობ ადამიანს და ეუბნები, რომ ან ეს უნდა იყოს ქალაქის მერი, ან მე გებუტებით, შემდეგ ის ხდება ქალაქის მერი და ქალაქს ანგრევს, ქალაქის მერიაში კორუფცია ყვავის, ვინ არის ამაზე პაუსხისმგებელი? ცხადია, ბიძინა ივანიშვილი.
არ ვარ მომხრე იმის, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს. მე ბიძინა ივანიშვილს ვუფასებ იმ ღვაწლს, რაც მან შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომ მე კორექტულად ვისაუბრო მასზე, თუმცა არანაირად არ ვარ ვალდებული, ან ბიძინა ივანიშვილისგან დავალებული, რომ თვალი დავხუჭო იმ პრობლმებზე, რომელიც არსებობს და მე არ მაფერხებს ეს, ღიად ვისაუბრო ამაზე",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.