logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა არასოდეს
- +

3 თებერვალი. 2020. 11:04

 

 

„მიუხედავად წერილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ფაქტია და ოფიციალური ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა არასოდეს“, - ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა.

 

„მიუხედავად ამ წერილებისა, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, ფაქტია და ოფიციალური ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა, ასეთ მაღალ ნიშნულზე არ ყოფილა არასოდეს, როგორიც არის დღეს. ეს არის ოფიციალური პოზიცია, ეს არის ოფიციალური განცხადებები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ფონზე ნებისმიერი განცხადება, ერთი წერილიც კი საყურადღებო არ არის, როდესაც კონგრესმენი ან სენატორი აგზავნის წერილს და იქ გამოთქვამს შეშფოთებას, აუცილებელია, ამას ყურადღება მიექცეს და მინიმუმ დეტალები გავიგოთ, რა არის იმის საფუძველი“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

მისივე განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტს გამართავს და მნიშვნელოვან და მოცულობით ღონისძიებას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast), სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი იყრის თავს, დაესწრება. მისივე თქმით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესის წევრებთან.

 

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ხშირად გვაქვს ვიზიტები, თუმცა, ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ღონისძიებას დავესწრებოდით. ვიყენებთ ამ შანსს, ამ ვიზიტს, რომ აუცილებლად მოვახერხოთ და ის დარჩენილი ორი-სამი დღე შევხვდეთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ შეგვხვდეს და მათ, ვისაც ჩვენც გვინდა, რომ ვესაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც მათ აწუხებთ და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. რაღაც პერიოდულობით ყოველთვის ჩადის საქართველოდან დელეგაცია და შესაბამის უწყებებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან მართავს შეხვედრებს იმ საკითხებზე, რომლებიც იმ დროისთვის არის აქტუალური“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ვიცე-სპიკერის თქმით, არის წერილები, სადაც აშკარად ჩანს არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად გამოთქმული წუხილი და მნიშვნელოვანია, პირადი შეხვედრების დროს გაირკვეს, რა გახდა ამის საფუძველი.

 

„ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, არის არა მარტო ამერიკის შემთხვევაში. ევროპარლამენტში ჩემი დაახლოებით ორი კვირის წინანდელი ვიზიტის დროს ეს ძალიან კარგად იგრძნობოდა. პირად საუბრებში ჩანდა და თვითონაც ხვდებიან, რამდენად არასწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული და ამ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს დასკვნები, თუმცა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები და მათთან საუბარი. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურად ჩართული ამ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირადად ხვდები და პირადად საუბრობ ამ საკითხებზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner