ჩატაევმა იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად 2017 წლის 27-30 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც მას ჯგუფის სხვა წევრებიც ეხმარებოდნენ.
„მივიდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ჩატაევი ორ პირთან ერთად ჩამოსვეს ამ ტერიტორიაზე და უკვე ჩვეულებრივი მარშუტით სარფის საკონტროლო პუნქტის გავლით შემოვიდნენ საქართველოში. აქვე აღსანიშნავია, რომ გადაადგილების პროცესში, ჩატაევი ორი მანქანით მოძრაობდა. ერთი მანქანა მიდიოდა 2 კილომეტრით წინ. მეორე მანქანასთან ჰქონდა კონტაქტი ტელეფონით და თუ პირველი მანქანა დაინახავდა საფრთხეს, გააფრთხილებდა უკანას და უკანა მანქანა მაშინვე მარშრუტს ცვლიდა.
2017 წლის 21 ნოემბერს მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ბერი სალოსის ქუჩაზე იმყოფებოდნენ ჩრდილოკავკასიელი პირები და შესაძლოა მათ ჰქონოდათ იარაღი. შევქმენით ოპერატიული ჯგუფები და გავუშვით მისამართზე, რათა მოგვეხდინა პირების იდენტიფიკაცია. ნოემბრის თვეში თბილისში ტარდებოდა 3 მასშტაბური ღონისძიება: ერთი იყო რაგბი, მეორე - საბავშვო ევროვიზია და მესამე - აბრეშუმის გზის ფორუმი, სადაც 2000-მდე სტუმარი იყო მოწვეული საზღვარგარეთიდან. ჩატაევი კი თავისი ხელმძღვანელებისაგან იღებდა დავალებებს საკონსულოების, საელჩოების და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ტერაქტების მოწყობის შესახებ“, - აღნიშნა ჩიმაკაძემ „იმედის“ ეთერში.