„ნაციონალური მოძრაობის" აქტივი, მის ხელთ არსებული რესურსი სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
„პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება აქ შეუზღუდავია. რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და მათ ინიციატივას, გავიხსენოთ ამ პოლიტიკური პარტიის წარსულიც და დღევანდელობაც. მათთვის დესტრუქცია და ხელის შეშლა არის ერთგვარად საფირმო ნიშანი. თუმცა, ეს ყველაფერი მოთმენილ იქნა. როცა კანონის დარღვევას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, ადეკვატური იქნება რეაგირებაც. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივი, მის ხელთ არსებული რესურსი არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ სწორედ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.