„საქართველო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს დემოკრატიის კუთხით რეგიონში და ეს კონკრეტული შედეგებით არის განპირობებული“, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს „The Heritage Foundation“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განუცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, „The Heritage Foundation“ საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს შესაბამის შედეგებს კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში. ამ კვლევის შესაბამისად, საქართველო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს დემოკრატიის კუთხით რეგიონში და ეს კონკრეტული შედეგებით არის განპირობებული. ცხადია, არის კონკრეტული გამოწვევები და ის 5 ძირითადი მიმართულება, რომელზეც გაამახვილა კვლევითმა ორგანიზაციამ ყურადღება. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუდმივად ვახორციელებთ ურთიერთობის გაღრმავებას, რომელიც დამყარებულია სახელმწიფოთაშორის საფუძველზე და ის მიმართულებები, რომელიც „Heritage Foundation“-მა ახსენა, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვისაც. ასე რომ, „Heritage Foundation“-ის რეზულტატი, რომელიც კვლევის შედეგად დაიდო, სრულიად ასახავს იმ პოზიციას და მდგომარეობას, რომელიც საქართველოს რეგიონში გააჩნია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
რაც შეეხება „Heritage Foundation“-ის კვლევაში აღნიშნულ მოსაზრებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ მოიძიოს შესაბამისი ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის და კვლავ განახლდეს პროექტი, რაც სახელმწიფოს მხრიდან აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას ნიშნავს.
„უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ანაკლიის პორტის პროექტს საქართველოსთვის. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა სახელმწიფომ კონსტიტუციის დონეზეც აიყვანა ეს პროექტი და განსაზღვრა კონსტიტუციაში, როგორც განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტი. ის ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა დღემდე იყო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი სწორედ იმიტომ, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ პარტნიორები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ შეესრულებინათ თავის მხრივ აღებული ვალდებულებები მათ ეს არ შეასრულეს და ხელისუფლებამ რამოდენიმეჯერ გადაუვადათ მათ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ამ ეტაპზე ხდება მოძიება შესაბამისი ინვესტორის პროექტის გასაგრძელებლად და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების როლი აქ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მისი მნიშვნელობა არ შენელდება, პირიქით, ჩვენი მხარე, ასე ვთქვათ, აქტიურად თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ მოიძიოს შესაბამისი ინვესტორი. კვლავ განახლდეს ეს პროექტი, რაც სახელმწიფოს მხრიდან აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას ნიშნავს დღემდეც და ასე გააგრძელებს სახელმწიფო მომავალშიც“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში არსებითი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება დადგეს კიდევ უფრო არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის წინაშე“, - ამის შესახებ რუსეთისა და ევრაზიის საკითხების მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში ნათქვამი, რომელიც „The Heritage Foundation“-ზეა გამოქვეყნებული. სტატიაში სათაურით „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“, ნათქვამია, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის და ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარების მხარდასაჭერად თავისუფალ და სამართლიან გარემოში.