logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნამდვილი სირცხვილი ის არის, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ
- +

3 თებერვალი. 2020. 16:53

 

 

„ალბათ, ნამდვილი სირცხვილი ის არის, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

„თუ მათ ნამდვილად უნდათ, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდნენ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, მათ შეუძლიათ ეს 30-40-კაციანი აქციებიც გააგრძელონ, შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე, იმაზე იყო თუ არა შეცდომა, დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტილების აუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი თუ შიდადემოკრატიული პროცესი. ამ თემებზე სალაპარაკოდ არ შემოდიან ერთადერთი მიზეზით - ამ არგუმენტებში აუცილებლად დამარცხდებიან. შემდეგ ვერ გაუგზავნიან ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ყალბ და „ფეიკ-ნიუსებს“. ამ კამათში გამოიკვეთება სიმართლე და სიმართლე გამოიკვეთება მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის ამერიკაში ვიზიტის დროს, სადაც ვამხელთ იმ „ფეიკ-ნიუსებს“, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, თუ პიკეტირების დროს იქნება საკანონმდებლო საქმიანობაში ხელშეშლა, ამას მოჰყვება კანონისმიერი რეაგირება.

 

„თუ იქნება „სირცხვილის კორიდორი“ და ამ შემთხვევაში არ მოხდება ხელშეშლა გადაადგილებაში, არ შეიზღუდება საქმიანობა, მაშინ ბუნებრივია, რაიმე კანონისმიერი იძულებითი ღონისძიებები სახელმწიფოს არ დასჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია იხსნება, რის პარალელურადაც ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტირებას და უმრავლესობის წევრი დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner