ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში 17 წლის მოზარდი იარაღით მოკლეს. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, სოფელ ენისელში მცხოვრები მოზარდი ბიჭი ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელებმა მიაკითხეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
ოჯახის წევრების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ყვარლის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე კი მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და უკვე დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.