საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
კანონის პროექტი, რომლის პირველი მოსმენით განხილვაც პლენარულ სხდომაზე 4-7 თებერვლის კვირაში მოხდება, მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა.
ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.
კანონის პროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.
„A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი. ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. როგორც შსს-ში აცხადებენ, დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული.
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.
„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი.
რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა, გახდება 20 ლარი.