logo_geo
eng_logo
მაყვალა ბერიანიძე: ამ დაპირისპირებებმა განაპირობა ის ამბავი, რომ 2005 წლის 3 თებერვალი ზურაბ ჟვანიას ვეღარ გაუთენდა!
- +

3 თებერვალი. 2020. 18:44

 

 

ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ისტორიკოსი მაყვალა ბერიანიძე წინა ნომერში დაწყებულ საუბარს ასრულებს და იმ ფაქტებს ააშკარავებს, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება უტყუარად დასტურდება. ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როცა შევარდნაძის დანაბარები უნდა შეასრულოს:

 

 

– ირაკლი ოქრუაშვილმა ძალიან ბევრი საიდუმლო იცის... მათ შორის, დეტალურად უწყის, რა მოხდა მაშინ, როცა შინაგანი ჯარის ბიჭები ოსებმა დაატყვევეს, ცხინვალში დააჩოქეს, წინ დროშა და ძაღლი ჩაუტარეს და მერე ეს ყველაფერი გადაიღეს. სწორედ გიორგი ბარამიძის კისერზეა ეს ყველაფერი, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო. ცხადია, ამის გამო იგი უნდა დაჰკითხონ და პასუხისგებაშიც მისცენ, მაგრამ საქართველოში სამართლიანობის აღდგენას საშველი არა და არ დაადგა! აღარაფერს ვამბობ აფრასიძეების ოჯახის დაბომბვაზე, რომლის ბრძანებაც სააკაშვილმა გასცა და ბარამიძემ შეასრულა.

 

 

– ქალბატონო მაყვალა, თქვენ წინა ინტერვიუში ბრძანეთ – ზურაბ ჟვანიას მკვლელობა დიდწილად დაკავშირებულია 2004 წლის აგვისტოში სააკაშვილისა და ბარამიძის მიერ სამაჩაბლოში გაჩაღებულ კონფლიქტთან, რომელსაც ყოფილი პრემიერი იძიებდაო...

 

 

– ხალხმა დაივიწყა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი – 2004 წლის ნოემბერში ზურაბ ჟვანია შეხვდა ედუარდ კოკოითს, რომელმაც გადასცა სააკაშვილის ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მასალები. მათ თანახმად, ბევრი ქართველი მაღალჩინოსანი ცხინვალის რეგიონში ჩაბმული იყო ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობაში. ზურაბ ჟვანიამ დაიწყო ამ საკითხის კვლევა. პარალელურად ოსებსა და ქართველებს შორის ვითარება დროებით დათბა და გადაწყდა, რომ მოსკოვში ქართულ-ოსური შეხვედრები დაწყებულიყო. ეს მოხდა თუ არა, სააკაშვილის ხელისუფლებაში ზურაბ ჟვანიას მიმართ აგრესია გაიზარდა და დაიწყეს მისი ლანძღვა. ჟვანიამ გადაწყვიტა, სიტუაციას გარიდებოდა. ერთგან მან გარკვევით თქვა – ან ქვეყნიდან წავალ, ან ოპოზიციაში გადავალო. როცა სააკაშვილს ეს ამბავი მიუტანეს, მან განაცხადა – ჟვანია ვერსადაც ვერ წავაო! მაშინ ვიფიქრე, ალბათ, სააკაშვილმა ის იგულისხმა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მომწყობ ტრიუმვირატს არ დაშლის და ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ცოცხალი თავით არ გაუშვებს-მეთქი! თურმე სააკაშვილს სხვა ჩანაფიქრი ჰქონია და ამ ფრაზისთვის – „ჟვანია ვერსადაც ვერ წავა!“ – სულ სხვა დატვირთვა მიუცია. სწორედ ამ დაპირისპირებებმა და წინააღმდეგობებმა განაპირობა ის ამბავი, რომ 2005 წლის 3 თებერვალი ზურაბ ჟვანიას ვეღარ გაუთენდა. ამ ყველაფრის შესახებ, კერძოდ, 2004 წლის აგვისტოს ომზე, წიგნი მაქვს დაწერილი, რომელიც მავანს ძილს უფრთხობს და მემუქრებიან, მაგრამ არ მეშინია. 2004 წლის აგვისტოს ომის გარეშე 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის გაგება ყოვლად წარმოუდგენელია. ვინმე დაინტერესდა, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ ცხინვალსა და სოხუმში რა სტუმრიანობა იყო?

 

 

– რა ხდებოდა?

 

 

– სააკაშვილს გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა ნაცვლად სომხების, აზერბაიჯანელებისა და ევროკავშირის ძალების შეყვანა სურდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. როგორც კი ეს ამბავი გახმაურდა, გაერო-დან სააკაშვილს შემოუთვალეს – ამას მოითხოვთ თუ არა, მშვიდობისმყოფელებს მაშინვე გავიყვანთო! ნუთუ ეს არ უნდა გაეთვალისწინებიათ და ჭკუისთვის არ უნდა მოეხმოთ? 2008 წლის ივნისში მედვედევი სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა და გააფრთხილა – შეჩერდი, თორემ, აფხაზეთში სარკინიგზო ჯარს შევიყვანო!

 

 

2008 წლის 5 ივნისს ჩვენი შტატგარეშე პრეზიდენტი მეთიუ ბრაიზა ამერიკაში გაიქცა, ხოლო იმავე დღეს ევროკავშირმა დეკლარაცია გამოაქვეყნა სამშვიდობო მანდატის გადახედვის შესახებ. 2008 წლის 9 ივლისს კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა და შევარდნაძემ იმავე დღეს განაცხადა – მისი ჩამოსვლა სამხრეთ ოსეთს ეხება და სააკაშვილი ფრთხილად იყოსო! მანამდე ოთხი დღით ადრე გამოვიდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია და განაცხადა – რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავთო! კონდოლიზა რაისი ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა, როცა საქართველოს ხელისუფლებაში ხმა გავრცელდა – ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდესო! ყველას ეგონა, ალბათ, კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს შენიშვნა მისცა და საპირველსექტემბროდ სკოლების შესარემონტებლად, მერხების, დაფებისა და სკამების შესაძენად აპირებენ ცვლილებებსო! თურმე, სადა ვართ... როგორც კი კონდოლიზა რაისი გაფრინდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე 22 დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გასავლის ხარჯების გაზრდას და პროექტი დაამტკიცა!

 

– მაინც ვინ რა და რამდენი მიიღო?

 

– 2008 წლის 15 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაემატა 296 მილიონი ლარი, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მხოლოდ 4 მილიონი გამოიმეტეს, ხოლო სოციალურ ხარჯებს 40 მილიონი მოაკლეს და ეს თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუმატეს!

 

 

– ანუ სააკაშვილი ომისთვის ემზადებოდა?

 

 

– ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე 22 დღით ადრე სააკაშვილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გასავლის ხარჯები დაახლოებით 340 მილიონი ლარით გაზარდა! გეკითხებით, არ იყო ეს ომისთვის მზადება? ამას დავუმატოთ ისიც, რომ მოსკოვიდან მაშინვე გამოიწვიეს ჩვენი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი. არ დაგვავიწყდეს, რომ სამი თვით ადრე სააკაშვილმა თავდაცვის ხარჯები შეამცირა, მაგრამ მერე ისევ გაზარდა, რადგან, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალა და ომის გზას დაადგა. არავინ ყურადღებას არ აქცევს მეთიუ ბრაიზას ერთ ინტერვიუს, სადაც მან აგვისტოს ომის შესახებ სიმართლე გვითხრა – სააკაშვილის ქცევები განპირობებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლითო! უფრო მეტიც, ტერიტორიები „ქართულ ოცნებას“ არ დაუკარგავს, ნაცებმა დაკარგეს! ისიც საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა – კულტურის მინისტრი მოხსნეს! ისე, მადლობა ამ ხელისუფლებას, რომ უმუშევარი დამტოვა... მოცლილობის ჟამს, რომ არ გავგიჟებულიყავი, რვა წიგნი დავამთავრე! (იცინის).

 

 

– რას აპირებთ?

 

 

– ვაპირებ, გამოვცე ასეთი წიგნი – „ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ერთი შეხედვით“! ასევე წიგნად უნდა გამოვცე შევარდნაძესთან ჩაწერილი ის ინტერვიუები, რომელიც ჯერ არსად გამოქვეყნებულა. თუ რა მითხრა შევარდნაძემ ამათ შესახებ და როგორ დაახასიათა თითოეული მათგანი, დასხდნენ, ჩემს წიგნში წაიკითხონ და რა სახეებიც ექნებათ, მაგასაც ვნახავთ!

 

– აქამდე რატომ არ გამოეცით ეს წიგნი?

 

– შევარდნაძემ მითხრა – „გამოაქვეყნე ჩემი სიკვდილის შემდეგ!“ ამ პირობას ვასრულებ...

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner