„ზელენსკი უკრაინის მოქალაქეთა 73 პროცენტმა აირჩია. უკრაინის მოქალაქეები დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე გაერთიანდნენ პოროშენკოს დამპალი რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის იმედით, თუმცა, თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი არაფერი შეცვლილა და უკვე აღარც შეიცვლება.
უკრაინელებს უბრალოდ სამართლიანობა სურდათ! რომ სისხლიანი ნაძირალები ციხეში ისხდნენ, რომ მოსამართლეები პატიოსნები იყვნენ, თუმცა, ეს არ მოხდა.
სისხლიანი ტურა პოროშენკო არათუ თავისუფალია, ის კვლავ აგრძელებს ქვეყნის მართვას, და ეს იმიტომ, რომ უკრაინაში არ არის მართლმსაჯულება.
ყველაფრის რეფორმირება შეიძლება დაუსრულებლად, მაგრამ თუ ქვეყანაში არ იქნებიან პატიოსანი მოსამართლეები - უკრაინაში არანაირი ცვლილებები არ განხორციელდება!“ - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ექს-ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არსებული ვითარება.
„საქართველოში ჩვენი გუნდის მუშაობის პირველ სამ თვეში ბრალი წავუყენეთ და დავაპატიმრეთ 36 მოსამართლე! ეს იყო მკაფიო გაფრთხილება ყველასთვის - „გაასამართლეთ სამართლიანად ან შემდეგი იქნები!“ - და ამ მეთოდმა გაამართლა.
უკრაინაში, რომელიც საქართველოზე 10-ჯერ დიდია, საჭიროა მინიმუმ 360 მოსამართლის დაჭერა!
საჭიროა მართლმსაჯულების სისტემიდან მათი მოშორება, ვინც ოლიგარქთა ინტერესებს ემსახურება და კანონს ბანდიტების სასარგებლოდ შეტრიალება.
საჭიროა, სისტემას მოშორდნენ ჩაუსები (ნ.ა. ჩაუსი - კიევის დნეპრის რაიონის რაიონული მოსამართლე) და დაბრუნდნენ ისინი, ვინც უკანონობას ებრძოდა, ისეთი გმირი მოსამართლეები, როგორებიც არიან ლარისა ცოკოლი და ლარისა გოლნიკი, რომლებიც არ შეუშინდნენ ამ დამპალ სისტემასთან დაპირისპირებას.
შეხედეთ პროკურატურის, უშიშროების სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის რეალურ შედეგებს - არის შედეგები? ვინმე დააპატიმრეს?
როგორ კარგადაც არ უნდა იმუშაონ გამომძიებლებმა, როგორი უტყუარი მტკიცებულებებიც არ უნდა წარადგინონ, კორუმპირებული მოსამართლე ყველაფერს გადახაზავს თავისი განაჩენით.
ახლა უკრაინელი მოსამართლეები იცავენ არა კანონს და არა უკრაინის მოქალაქეებს! ახლა უკრაინელი მოსამართლეები იცავენ მათ, ვისაც ფული აქვს!
ვინც მეტი მოიპარა - მართალიც ის არის!
თუ გვინდა, რომ ჩვენი ანტიკორუფციული რეფორმა დაიძრას, საჭიროა, დავანახოთ მოსამართლეებს, რომ ისინი ხელშეუხებლები არ არიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.