საქართველოს 2020 წლის იანვარში 633 201 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8 პროცენტით მეტია.
ვიზიტორების შესახებ იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აქედან საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობა 523 689-ია, რაც 86 471-ით, 19.8 პროცენტით აღემატება 2019 წლის იანვრის მაჩვენებელს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი, 363 614 შეადგინა, რაც 57 675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით, ამ შემთხვევაში ზრდა 18.9 პროცენტზე ფიქსირდება.
„2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 633 ათას საერთაშორისო მოგზაურს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 19,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9 პროცენტით გადააჭარბა. იანვრის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აქტიური სამუშაო გასწია შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად.
„2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივ ბაზრებზე უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული აქტივობები განახორციელა. მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებებითა და ონლაინპლატფორმებით საქართველოს შესახებ არაერთი მასშტაბური კამპანია გაიმართა. პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს, შედეგად 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ზრდის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.