გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საჭიროა, არასრულწლოვანი ბრალდებულების საპატიმრო ვადის (40 დღის) გაგრძელებაზე დაიწყოს მსჯელობა.
როგორც ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა, ეს წაადგება სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.
„არსებული ვითარება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არასრულწლოვანთა მიმართებით პროკურატურა სწორ პოლიტიკას ახორციელებს. მემ როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ვაფასებ რა სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ვითვალისწინებ რა ამ მიმართულებით პროკურატურის გამოცდილებას, მიმაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მიმართ არსებული პოლიტიკა კვალავაც უნდა გაგრძელდეს. ასევე, მიმაჩნია, რომ უნდა ვიმსჯელოთ არასრულწლოვანი ბრალდებულების საპატიმრო ვადის 40 დღის გაგრძელების შესაძლებლობაზე. აღნიშნული ვადის ერთჯერადად გაგრძელების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ ერთჯერადად დაშვებული უნდა იყოს განსაკუთრებით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თან, თუ არსებობს საგამოძიებო ვადის გაგრძელების დასაბუთებული აუცილებლობა. ეს შესაძლებლობა მხოლოდ წაადგება სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, არის პრაქტიკაში შემთხვევები, როცა 40-დღიანი საპატიმრო ვადა არ არის საკმარისი ყველა საჭირო საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს.