logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შემადგენლობის გაზრდის ინიციატივით გამოდის
- +

4 თებერვალი. 2020. 13:44

 

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შემადგენლობის გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა.

 

„ჩემი კონკურენტებისგან გასაუბრებისას მოვისმინე ამ დეპარტამენტის კრიტიკა, რომ ეს დეპარტამენტი არ არის საკმარისად ეფექტიანი. ამ დეპარტამენტის რესურსი იყო თავიდანვე საკმაოდ შეზღუდული. დაკომპლექტებული იყო უფროსის, მოადგილის, 4 პროკურორისა და 10 გამომძიებლის შემადგენლობით და ისინი მაქსიმალურს აკეთებდნენ ყოველთვის. ზოგადად ეს პროცესი არ არის მარტივი, ამ სირთულეებს განაპირობებს მთელი რიგი გარემოებები, მაგალითად, შესაძლო დანაშაულის ჩადენიდან გასული დიდი დრო და აღნიშნულ საქმეებზე გამოძიებები თავის დროზე განზრახ იყო წაყვანილი არასწორი მიმართულებით, ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ფაქტების დამახინჯებას. შესაბამისად, სამართლებრივი პროცესი, რასაც ეს დეპარტამენტი უძღვება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ინტენსიური გახდეს.

 

სამართლიანობის აღდგენის პროცესი დღესაც ძალზედ აქტუალური საკითხია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ მიმართულებით საქართველოს მთავარი პროკურატურას დიდი სამუშაო აქვს გაწეული. სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებებზე. ბევრზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ბევრზე გრძელდება სასამართლო განხილვები. ასევე მოხდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნება და განაჩენების გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც ელოდება სამართლიანობის აღდგენას და მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ეს არის პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. შეიძლება ეს იყოს გრძელი გზა, თუმცა, მე სხვა გზას ვერ ვხედავ“, - განაცხადა შოთაძემ.

 

ამასთან, შოთაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ის მზად არის მოისმინოს თითოეული პროფესიონალი იურისტის პოზიცია ამ პროცესის დასაჩქარებლად.

 

„შესაბამისად, მე ვფიქრობ, ამ დეპარტამენტის საკადრო შემადგენლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროკურატურას მიეცეს შესაძლებლობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელოს ეს პროცესი. ასევე გამოსავალი არის საპროცესო კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც დააჩქარებს მსგავსი საქმეების განხილვას. ვფიქრობ, პროკურატურას უნდა მიეცეს სისხლის სამართლის საქმეების მსგავსად ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, ვინაიდან მრავლად გვხვდება ძველი საქმეები, სადაც სისხლის სამართლის პროცედურების პარალელურად ადმინისტრაციული წესით ჩამორთმეულია ქონებები, სადაც ასევე ბევრ ადამიანი გამოხატავს უკმაყოფილებას გადაწყვეტილების კანონიერებასთან და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. ასევე, ვფიქრობ, ამ პროცესს დააჩქარებდა მოსამართლეთა სპეციალიზაცია. გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში ასევე ვაპირებ ფართო ჩართულობით ამ საკითხზე დისკუსიის გამართვას სახელმწიფო უწყებების, დარგის სპეციალისტების და აკადემიური, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, რათა ყველამ ვიმსჯელოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარების გზებზე“, - განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner