logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მგონი, ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად
- +

4 თებერვალი. 2020. 15:07

 

 

 

„მგონი, ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. მას ჰქონდა პოლიტიკური წარსული“, - ასე გამოეხმაურა საკუთარ Facebook-გვერდზე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმებულ კონტრაქტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიას მითითებას.

 

„რომ არ მოგატყუოთ, ჩემთვის მეორე და მესამეხარისხოვანია, ბათუ ქუთელია ვისთან თანამშრომლობდა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა. თავად გაარკვიოს, სად თანამშრომლობდა და როგორ და რანაირად. ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც დამოუკიდებელი და არაპარტიული ორგანიზაციები, მათი მსგავსი კავშირები აღმოჩნდება მართალი. რა თქმა უნდა, ეს მთლიანი სექტორისთვის არის დამაზიანებელი, მაგრამ მგონი, ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. მას ჰქონდა პოლიტიკური წარსული და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, ჩემი აზრით, მას ვერ გავაიგივებთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც მრავალწლიანი დამოუკიდებელი, პროფესიონალური საქმიანობის გამოცდილება აქვს“, - წერს გიორგი ვოლსკი.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმდა კონტრაქტი, სადაც პარტიას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია წარმოადგენს. უმრავლესობის ბრალდებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უპასუხეს და განაცხადეს, რომ სინამდვილეში ხელს დოკუმენტს კობა ნაყოფია აწერს. მოგვიანებით, თავად ბათუ ქუთელიამ განმარტა, რომ ის არ არის არცერთი პარტიის წევრი და შესაბამისად, მათ არანაირი მოლაპარაკებაში არ წარმოადგენს. თავად „ორიონ სტრატეჯიში“ კი ამბობენ, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner