„რამდენ პროცენტსაც სჯერა ახლა საქართველოში, რომ შემთხვევით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას სახელი და გვარი. მე მგონი, ბოლოს მაგ პროცენტულ მაჩვენებლამდე დავა სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის არსებული კონტრაქტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„რეალურად ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ მიუკერძოებელ, ზოგ შემთხვევაში მედიის, ზოგ შემთხვევაში ექსპერტის, ზოგ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის უკან რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იმალება. გარკვეული გვაქვს ყველაფერი, ბათუ ქუთელია შავით თეთრზე ეწერა კონტრაქტსა და შესაბამის აპლიკაციაში, რომელიც აიტვირთა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის შესაბამის საიტზე, რომ იყო ოფიციალური წარმომადგენელი და საკონტაქტო პირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლობისტ კომპანიას შორის. რაც არ უნდა სხვანაირად მოაბათ კუდები, ამას ვერაფერს უზამთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ამასთანავე აღნიშნა, რომ აღნიშნული სკანდალური ფაქტის აღმოჩენისთანავე გაასაჯაროვეს ეს ინფორმაცია.
ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია.
ამის შემდეგ, საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის, რენდი შენემანის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.