logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ოთარ კახიძემ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრების პროცესი საკუთარ საადვოკატო საქმიანობაზე სასაუბროდ გამოიყენა
- +

4 თებერვალი. 2020. 18:08

 

 

 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელზეც დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმინეს, დასრულებამდე დატოვა.

 

აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპროკურორო საბჭოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და ეს ნაბიჯი ოთარ კახიძის მხრიდან პროკურატურის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობად შეაფასა.

 

ოხანაშვილის აზრით, ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საკუთარ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასაუბროდ გამოიყენა.

 

„თქვენ პოლიტიკურ შეფასებებში ვერ შეხვალთ, ამიტომ კარგი იქნებოდა, ბატონი ოთარი დასწრებოდა ბოლომდე და პატივი ეცა ინსტიტუციისთვის. კი მოგიწოდათ, რომ პროკურატურის საქმიანობას მხარს დაუჭერს, როგორც ინსტიტუციას, მაგრამ ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა დააფიქსირო, ერთი კანდიდატის გასაუბრებას ბოლომდე მაინც დაესწრო.

 

სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ვინ წარმოიდგენდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი გენერალურ პროკურორს დაუსვამდა შეკითხვებს, მაშინ, როდესაც სრულიად გაუმჭვირვალედ იუსტიციის მინისტრი რის საფუძველზე წარადგენდა საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურას და პრეზიდენტი შემდეგ რის საფუძველზე ამტკიცებდა ან როდესაც არ მოეწონებოდათ, ნებისმიერ დროს რომ შეეძლოთ გათავისუფლება, ეს იყო მათი ხელისუფლების სახე და რეალურად რასაც ისინი აკეთებდნენ. დღეს, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელს აქვს სრული შესაძლებლობა და საზოგადოება პირდაპირ ეთერში თვალყურს ადევნებს ამ პროცესს, თურმე ეს პროცესი არ ყოფილა გამჭვირვალე და არის არაფრის მომცემი. როგორც ჩანს, თვითონაც მიიღო საბოლოოდ ამ პროცესში მონაწილეობა და თუკი არაფრის მომცემია ეს პროცესი, მაშინ რატომ გადაწყვიტა მოსვლა და ის, რომ თუნდაც საზოგადოებისთვის გაეგებინებინა მისი ეს შეკითხვები, რომლის გაჟღერებაც სურდა. ეს არის რეალურად მათი სახე და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, არანაირი პირადი, მან ეს პროცესი გამოიყენა საკუთარ, პირად საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასაუბროდ.

 

სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ თუნდაც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტ შეკითხვას დასვამდა, სხვა საქმეებთან დაკავშირებით მეტ შეკითხვას დასვამდა, მაგრამ ადამიანმა ისაუბრა იმ საქმეებზე, რომელ ხელისუფლებასაც ის წარმოადგენდა და ვისი დაცვაც მას უწევდა. ანუ პირადი პოლიტიკური ინტერესი ვისთან მიმართებაშიც აქვს, ასევე „პროფესიული ინტერესი“, რადგან ფორმალურად იყო ადვოკატი, რეალურად პოლიტიკური ადვოკატი იყო მათი. თავისი პირადი საქმეები მოიტანა აქ დღეს საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე დაესვა შეკითხვა. იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა კანდიდატის ხედვაზე, ეკითხა კანდიდატისთვის, როგორ წარმოუდგენია შემდგომი განვითარება, რა გარანტიებს შექმნის შემდგომი განვითარებისთვის, რა გამოწვევების წინაშეა დღეს პროკურატურა და ასე შემდეგ, ყველამ ვნახეთ, რა საკითხებზე ისაუბრა, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ოხანაშვილის აზრით, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა.

 

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ოთარ კახიძე ირაკლი შოთაძის გარდა გენერალური პროკურორობის არც ერთ კანდიდატთან გასაუბრებას არ დასწრებია, შოთაძის მიმართ პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს.

 

საპროკურორო საბჭოს დღევანდელი სხდომა დასრულდა. საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება გასულ კვირას დაიწყეს და უკვე 13 კანდიდატს მოუსმინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner