საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „German Marshal Fund“-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას მიეძღვნა. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოსა და რეგიონის საკითხზე მომუშავე ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და სანდო პარტნიორის როლი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევებსა და სამომავლო ხედვებზე, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა სხვადასხვა საკითხებზე ექპერტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„ეს იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა, კარგი შესაძლებლობა, რომ ამერიკის ექსპერტული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე მათ დეტალურად ვესაუბრე როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე რომელიც მოდის ოკუპაციიდან, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ბუნებრივია იმ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებზე რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი შემდგომი გაღრმავების გზებს.
„დღეს აშშ-საქართველოს პარტნიორობა არის როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზე, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ კიდევ უფრო მძლავრი იმპულსები მივცეთ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული მოკავშირე რეგიონში, არა მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით, არამედ იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის და ამერიკისთვის არის ღირებული“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებზე მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპებით და საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას.
„როდესაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საგარეო კუთხით, აუცილებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაშიც, რადგანაც წარმატებული საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ბუნებრივია, ამის შესახებ აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი და მათ აქვს ზუსტი ინფორმაცია და არა ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ წილად სუბიექტურ ფაქტორებზე არის დაყრდნობილი. ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ნაყოფიერი, მივაწოდე ბოლო ინფორმაცია იმ მოლაპარაკების პროცესზე, რაც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მთავარია რომ დიალოგი გახსნილია და ყველა ძალა, ვინც კი ჩართულია პროცესში საუბრობს საერთაშორის პარტნიორებთან ერთად. ახლა ყველა უნდა მიისწრაფოდეს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ქვეყნისთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ოკუპაცია და მავთულხლართების გავლება, ქვეყანა არ დადგეს ახალი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ დავადასტურე რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ეს 2012 წლის შემდგომ ტარდებოდა დემოკრატიულად, გამჭირვალედ, ეუთოს სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა მინისტრმა.