logo_geo
eng_logo
სენატორი შაჰინი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვას
- +

5 თებერვალი. 2020. 12:24

 

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, NATO-სკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევროატლანტიკურ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს მხარდაჭერა“, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა. როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა.

 

„გულწრფელი საუბარი მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მათ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ და მათი მხრიდანაც იყო დადასტურებული სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მისი განცხადებით საქართველო რეგიონში განიხილება მაღალი სტანდარტების დემოკრატიად და სწორედ ამ მაღალი მოთხოვნებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე მომდინარეობს პარტნიორების წერილების სულისკვეთებაც.

 

„ბუნებრივია, მე მქონდა კარგი საშუალება იმისათვის, რომ მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო მათ წერილში. ვაცნობე იმ მოლაპარაკების პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე იმ რეკომენდაციების შესახებ, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის. მე დავუდასტურე სენატორებს, რომ საქართველო ერთგულია იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ევროპული კურსისა და რომლის შემადგენელიც არის დემოკრატიული არჩევნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ყველა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე. მათ ცხადად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანა კიდევ ურო გაძლიერდეს და წინ წავიდეს, მათ შორის მძლავრი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner