კომპანია „გრინ რეზორტმა“ ქობულეთის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა. ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში კომპანია პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. აღნიშნული ვილა შოურუმისა და კომპანიის ადგილობრივი ოფისის ფუნქციებს შეასრულებს. იგეგმება კომპლექსის შიდა გზის და კომუნიკაციების სამუშაოების დაწყებაც.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექსის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.
აჭარის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება.
„მწვანე ქალაქის“ პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტი ასევე სავაჭრო ცენტრს, 500 ავტომობილისთვის პარკირებას და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის მოწყობას მოიცავს.
სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა საერთაშორისო ბრენდის მიერ განხორციელდება. „გრინ რეზორტის” მშენებლობისას ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იქნება გამოყენებული. ტერიტორია ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებით, მზის ენერგიის პანელებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი იქნება.