logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციები აბასთუმანში
- +

5 თებერვალი. 2020. 16:55

 

 

2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი სახელმწიფო ქონება ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და თან - აბასთუმანში. კერძოდ, ფალიაშვილის ქუჩა 40-ში მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულმა კომპანიამ 3.5 მლნ ლარად შეიძინა.

 

კერძოდ, ტერიტორია შპს „სანაპიროს ხედმა“ შეიძინა, რომლის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი“ ფლობს. პანამური კომპანიის მფლობელი კი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

 

აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე უნდა აშენდეს სასტუმრო (რომელიც უნდა მოიცავდეს 1 ერთეულ სასტუმრო დანიშნულების შენობას ან არაუმეტეს 2 ერთეული საცხოვრებელ სახლს);

 

რაც შეეხება ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფოს, როგორც ცნობილია, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ტუბსაავადმყოფოს ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების, 100 ბენეფიციარზე გათვლილი ფილტვის ცენტრი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით აშენდა, რაშიც „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის ინფორმაციით, ფონდმა 5,3 მილიონი ლარი გადაიხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც ივანიშვილი აბასთუმანში ახორციელებს კურორტზე ვიზიტიდან ერთი წლის თავზე.

 

„ქართუმ“ აბასთუმანში 7 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა“, - ამბობს ჩხეტიანი.

 

„ქართუმ“ დააფინანსა ასევე აბასთუმნის ამბულატორიის რეაბილიტაცია, რაზეც 655 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

 

ასევე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გადაწყვეტილებითვე, აბასთუმანში შენდება ხუთსართულიანი სახლი, რომელშიც კომპენსაციის სანაცვლოდ 12 ოჯახს შეასახლებენ.

 

„დაბა აბასთუმანში „ფონდი ქართუ“ ახორციელებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ჩვენ უკვე ავაშენეთ და გადავეცით სახელმწიფოს სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ფონდი „ქართუ“ აფინანსებს კულტურული-ისტორიული ძეგლების აღდგენას. საუბარია, რამდენიმე მონასტერზე და საუბარია რომანოვების სასახლეზე. ამ ეტაპზე „ქართუმ“ დახარჯა 7 მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ კიდევ უფრო მეტის დაფინასება ხდება სხვა ფონდების მეშვეობით“, - განმარტავს ჩხეტიანი.

 

როგორც ჩანს, ნიკოლოზ ჩხეტიანი „სხვა ფონდებში“ ასევე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს გულისხმობს.

 

აბასთუმანში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ავტოგრაფს“ სწორედ თანაინვესტირების ფონდი აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 34 მლნ დოლარია.

 

 

ირაკლი ლატარია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner