„საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა, შევეხო მსოფლიოში უპრეცენდენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომლითაც სრულიად უფასოდ სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები.
პროგრამის ფარგლებში დაავადებულ პირებს უახლესი თაობის, ძვირადღირებული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემათ. პროგრამა ფარავს სკრინინგულ, სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგის კვლევებს. საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა წარმატებით დაასრულა 59 ათასზე მეტმა ადამიანმა.