„თუ გააგრძელებს 60 „ნაცი“ სტვენას, 60% კი არა, შეიძლება ცოტა მეტიც ავიღოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, წიწილებს „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციაც 1 ნოემბერს დაითვლის.
„1 ნოემბერს დაითვლიან წიწილებს. ჩვენც დავითვლით, ისინიც დაითვლიან და მერე გავაკეთოთ კომენტარი. 2012 წლიდან არც ერთი არჩევნები არ გაგვიყალბებია და ბუნებრივია, ამ გეგმით არც ახლა ვიმუშავებთ. ეს იყო იმ პარტიის ხელწერა, რომელსაც წარმოადგენენ ეს ე.წ. ექსპერტები. აქედან გამომდინარე, გაყალბება თავისკენ მოიკითხონ ამ პარტიებმა და თავისმა ექსპერტებმა. ჩვენ 2016 წელს ხომ ვამბობდით, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ჩვენ მოგვცემდა ხმას, ხომ დავითვალეთ წიწილები?! ასე აღმოჩნდება ახლაც“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი არც ისე მასშტაბურია.
„ასეთი პროტესტია? 60 „ნაცი“ იკრიბება და უსტვენს, ეს არის მთელი პროტესტი? 60 „ნაცი“ რომ იკრიბება და უსტვენს, ესეც არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცეს ხმა. თუ გააგრძელებს 60 „ნაცი“ სტვენას, 60% კი არა, შეიძლება ცოტა მეტიც ავიღოთ“, - განაცხადა კობახიძემ.