ავტორი ნონა ქარქაშაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა. მისი ინიციატივა უმუშევრობის შემწეობის შემოღებას გულისხმობს.
როგორც გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა, უმუშევრობის შემწეობის გარდა, უმუშევარ სრულწლოვან შრომისუნარიან ადამიანებს სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს შესაძლებლობა, მუშაობა დაიწყონ და წინ წავიდნენ.
„სოციალურ შემწეობას ვაძლევთ ყველა ადამიანს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და ვეხმარებით ამით, მაგრამ ასეთი ადამიანების დაახლოებით 46 პროცენტი შრომისუნარია, დანარჩენი არის ისეთი, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის გამო, მუშაობა არ შეუძლია. ამიტომ, როდესაც ეს ორივე კატეგორია იღებს სოციალურ შემწეობას, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავებას არ ვაკეთებთ. ადამიანებს, რომლებსაც მუშაობა არ შეუძლიათ, სოციალური დახმარება ენიშნებათ წლების განმავლობაში, მაგრამ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდას უნდა შესთავაზო შესაძლებლობა, მუშაობა დაიწყოს, წინ წავიდეს, მეტი შეიტანოს ოჯახში და არ იყოს მუდმივად ჩამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე. არიან ისეთებიც, ვინც 20 წელია, ამ შემწეობას იღებს, რაც მათ მოტივაციას უკარგავს, უსარგებლო ხდება თითქოს ადამიანი. ასევე, როდესაც ოჯახში ბავშვები იზრდებიან და ხედავენ, რომ დედა არ მუშაობს, მამა არ მუშაობს, ეს მათზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ მოვეხმაროთ ამ ადამიანებს მუშაობის დაწყებაში! ჩვენ გვაქვს უამრავი უფასო პროფესიული კურსი, შევთავაზოთ, ვასწავლოთ და შემდეგ, როცა დაამთავრებენ, რეკომენდაცია გავუწიოთ, რომ დასაქმდნენ, რაღაცნაირად გამოვიყვანოთ ეს ადამიანები მუდმივი სოციალური შემწეობის გავლენისაგან“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე თქმით, უნდა არსებობდეს შრომის ბირჟები, სადაც აღრიცხვაზე მყოფ უმუშევარ ადამიანს ახალი პროფესიის ათვისებაში დაეხმარებიან.
„ჩვენ შარშან დავუშვით ინიციატივა, რომ თუ იმუშავებდა ადამიანი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სოციალური შემწეობა არ მოეხსნებოდა. ახლა კი, მაინტერესებს სტატისტიკა, რამდენმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა შეიძლება ყველა პროფესია ვერ აითვისოს, მაგრამ ოჯახური მეურნეობის წარმოებაც არ იცის ხალხმა, - რა გააკეთოს, რა მოიყვანოს, როგორ მოიყვანოს! გული მტიკვა, როცა ვხედავ, რომ უამრავი მიწაა დაუმუშავებელი საქართველოში, ამ მცირემიწიან ქვეყანაში. თუ ვიღაცამ არ ასწავლა, არ იციან, როგორ, რა დროს, რა დაამუშაონ, ეს ყველაფერი უნდა ვასწავლოთ და დავეხმაროთ ადამიანს, რომ თავისი შრომითა და ცოდნით მოიპოვოს შემოსავალი. აუცილებლია, არსებობდეს შრომის ბირჟები და როცა გარკვეული დროის განმავლობაში, არ მუშაობს ადამიანი, მას უნდა დაენიშნოს უმუშევრობის დახმარება, ვიდრე სამსახურს იშოვის. ამავე დროს, მას უნდა შევთავაზოთ კვალიფიკაციური დახმარება, აითვისოს ახალი პროფესია, ისწავლოს ახალი საქმე, შეიცვალოს პროფესია. ასეთი რამ თუ არ დავნერგეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
ეს კონცეპტუალური მიდგომაა, თვითონ ცნებებშია განსხვავება. უმუშევრობის დახმარება ნიშნავს, რომ მე სამსახური უნდა ვიშოვო და ამაში სახელმწიფო დამეხმარება, შემწეობის დახმარება კი ნიშნავს, რომ შრომისუუნარო ვარ და წლების განმავლობაში მჭირდება შემწეობა სახელმწიფოსგან“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
„რეპორტიორის“ კითხვაზე, რა თანხით შეიძლება განისაზღვროს უმუშევრობის დახმარება, მაღრაძე პასუხობს, რომ ეს ბიუჯეტის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
„ეს თვითონ უნდა დაითვალონ, რის საშუალება აქვს ბიუჯეტს, მაგრამ დღესდღეობით არსებობს ოჯახები, სადაც არის 3 შრომისუნარიანი და 3 შრომისუუნარო წევრი. ყველა ერთნაირად იღებს დახმარებას. აქ რაოდენობაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, თუ რა სახელს დაარქმევ ამ დახმარებას. აი, მაგალითად, ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და რაღაცას ყიდიან! შემწეობას კი არ ითხოვენ, ყიდიან, ვთქვათ, 30-თეთრიან ნივთს - 50 თეთრად და ამაში ფულს უხდი. ამ დროს მას აქვს განცდა, რომ იმუშავა, რაღაც გაყიდა და თავისი შრომით მიიღო მცირედი შემოსავალი. მოწყალების მთხოვნელი კი, უბრალოდ, გთხოვს მოწყალებას და ისე ეხმარები, - განსხვავებული აქცენტი ხომ არის? ამიტომ, სამსახურს რომ შესთავაზებ ადამიანს და მუშაობით შეაქვს ფული ოჯახში, შეიძლება ეს სოციალურ შემწეობაზე ცოტა მეტი იყოს, მაგრამ მაინც მოტივაციაა იმისათვის, რომ სამომავლოდ, წინ წავიდეს, მეტი გააკეთოს და მეტი შემოსავალიც ჰქონდეს“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.