ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, თანამებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად სპორტული ტურნირების გამართვა დაიწყო.
მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ოზურგეთში გაიმართა ჩემპიონატი ნარდში, რომელშიც მონაწილეობა ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივმა ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი, ალმა-ატის უმაღლესი საერთო-საჯარისო აკადემიის კურსდამთავრებულის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანის, მაიორ ბერდია ცეცხლაძის ხსოვნას მიეძღვნა. იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო შენაერთებსა და შსს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. სხვადასხვა ჯილდოებთან ერთად, მაიორ ბერდია ცეცხლაძეს, ვახტან გორგასლის III ხარისხის ორდენი მიენიჭა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაეცა მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
ტურნირში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, გარდაცვლილი ვეტერანის მეუღლემ, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა, საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სპორტული ასპარეზობები ტრადიციული გახდება და გარდამავალი თასი ვეტერან მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირებში გამარჯვებულებს გადაეცემა.