logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი ვალდებულებაა ვიცოდეთ - რას ვიხდით, რატომ ვიხდით და სად ვიხდით
- +

5 თებერვალი. 2020. 20:32

 

 

„არანაირი დაპირისპირების გამოწვევა არ მინდა, არც პაციენტსა და ექიმს შორის და არც ექთანსა და ექიმს შორის, მაგრამ არსებობს გარკვეული სამართლიანობა“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით.

 

როგორც ტიკარაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას პარლამენტში განაცხადა, მისთვის მისაღებია რომ „520-ე დადგენილება ასეთი ხმაურიანია. ტიკარაძის განმარტებით, ამის მიუხედავად მიიჩნევს, რომ ეს ძალიან აუცილებელი დადგენილებაა.

 

„არსებობს გარკვეული სამართლიანობა, როდესაც შენ დაინახავ უსამართლობას, ან გარკვეულ გადაცდომას, დღესდღეობით კი განსაკუთრებით, როდესაც მე ვარ მინისტრი დგას ის ვალდებულება, რომ გარკვეული რეაგირება უნდა მოვახდინო. რაც შეეხება იმას, 520 დადგენილება იყო, თუ არა ქირურგიული ჩარევა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენ პროგრამაში გვაქვს 800 000 კოდი და ჩვენ მხოლოდ 25 კოდზე მოვახდინეთ ჩარევა, როგორც ექიმი მე ამას ქირურგიულ ჩარევას ვერ დავარქმევ. თანაც, ამ დადგენილებას წინ უძღოდა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, ანალიტიკა, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სტრუქტურა. განსაკუთრებით ჩართულები იყვნენ კლინიკის წარმომადგენელები, კლინიკის ფინანსისტები. აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ეს დადგენილება არის რადიკალური. მის სასარგებლოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს არ გახლავთ მეთოდი , რომელიც მინისტრმა ან მინისტრის რომელიმე მოადგილემ ასე ხელოვნურად შექმნა, ეს გახლავთ ძალიან აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში. ამას იმდენ ქვეყანაში იყენებენ შეიძლება დავიღალო ქვეყნების ჩამოთვლით“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

მისი თქმით, ამ ქვეყნებს ჩატარებული აქვთ კვლევა და ირკვევა, რომ ეს მეთოდოლოგია არის საუკეთესო.

 

„საუკეთესოა იმისათვის, რომ ჩვენ ხარჯები არათუ შევამციროთ არამედ, უბრალოდ, დავადგინოთ. მაშინ როდესაც ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვხარჯავთ საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეულ დანახარჯებს მე ვთვლი, რომ ჩვენი ვალდებულებაა კონკრეტულად ვიცოდეთ, რას ვიხდით, რატომ ვიხდით, სად ვიხდით, ასევე გავზომოთ, თუ რა შედეგის მომტანი იყო ეს ყოველივე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი. მისვე თქმით, არ აპირებს არცერთი მინისტრი და არც თვითონ, რომ ეს მონაპოვარი მოსახლეობას დაუკარგონ.

 

„საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება, უბრალოდ ჩვენ, დღესდღეობით, ვადგენთ იმ ხარჯებს, რომელი ხარჯებითაც ჩვენ სამომავლოდ ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner