„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტული პოზიციები, ინფორმაცია კონკრეტულ შედეგებზე გათვლილ აქტივობებზე და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ჯანდაცვის მინისტრი უმოკლეს ვადაში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და უკეთეს ხვალინდელ დღეზე აისახოს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლის შეფასებისას.
როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, დღეს მინისტრმა თავის გამოსვლაში არაერთი სტრატეგიული საკითხი და სიახლე დააანონსა.
ფრაქციის ლიდერის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამინისტრომ მუშაობა დაიწყო იმ მიმართულებით, რომ სოციალურად დაუცველების შემოწმების პერიოდში არ მოხდეს სოციალური დახმარების შეწყვეტა. ასევე მნიშვნელოვანია მედიკამენტებით მოქალაქეების უზრუნველყოფის საკითხი (აღსანიშნავია, რომ 128 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ სერვისით), რათა იგი უფრო მეტად იყოს მორგებული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით სამინისტრო რეფორმებს გეგმავს. რატი იონათამიშვილის შეფასებით, სამინისტროს გეგმები საინტერესოა ასევე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, შრომის უსაფრთხოების და სხვა მიმართულებით. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან და მისი გადაწყვეტილებები ყველაზე სწრაფად აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოფაზე.
როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ არაერთ საკითხზე გავრცელდა დეზინფორმაციები მათი ოპონენტების მხრიდან - ეს ეხება ც ჰეპატიტის პროგრამისთვის ჩირქის მოცხებას თუ იუნისეფის კვლევას, რომელსაც სხვადასხვა კონტექსტში ატრიალებდნენ.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც რეაქცია გვქონდა არა მარტო ჩვენ, რეაქცია ჰქონდა არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, კონკრეტულად ამ პროგრამების და კვლევების ავტორებს. საინტერესოა, როდესაც ც ჰეპატიტის პროგრამაზე იყო კრიტიკა, ამ კრიტიკის ერთად ერთი ნაწილი იყო ის, რომ მედიკამენტებს ვადა გაუვიდაო, საუბარი იყო მედიკამენტების მხოლოდ 5%-ზე და ჩვენ ვნახეთ ზუსტად იმ ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის განცხადება, რომ ეს ამ პროგრამის განხორციელებაზე რაიმე ზეგავლენას ვერ იქონიებს. ასევე, სანამ ერთი ბავშვი მაინც არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ზღვართან თუნდაც ახლოს, თითოეული ჩვენგანი ვერ მოვისვენებთ ვერასდროს. თითოეულ ჩვენგანს გვექნება ყოველდღიური მცდელობა, რომ ეს საკითხი რამენაირად დავძრათ წინ და გარანტიები შევქმნათ, რომ მომავალში არცერთი ბავშვი სიღარიბის ზღვარზე არ იყოს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღვიქვათ რეალობა ისეთად, როგორიც არის, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და ამითი განვსხვავდებით ჩვენი ოპონენტებისგან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს სახელით უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.