ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ, ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და ოჯახის ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ამასთან დაკავშირებით, ბევრია უსაფუძვლო ბრალდებები, სპეკულაციები და არაკომპეტენტური მსჯელობები. ტრაგედია მძიმეა. საკუთარ პოლიტიკურ სარგებლად მისი ქცევა კი უზნეობა. სიღარიბე და მათ შორის, ბავშვთა სიღარიბე, რჩება ისევ გამოწვევად, მაგრამ არა იმ ხარისხში როგორც ფეიქ-ნიუსებით გამრუდებული და ხშირად ტყუილი ინფორმაციებით ხდება საზოგადოების გაჯერება. ოჯახის მძიმე ტრაგედია გუშინ, პრაქტიკულად პოლიტიკური ასპარეზის ძირითად თემად იქცა. ამ ოჯახის ტრაგედია ტრაგედიაა, მაგრამ წარმოჩინება იყო თითქოს ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე იყო. თითქოს სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სახლს, რომელიც დაიწვა - გადასარჩენად შეაფარა თავი და შიმშილი იყო ტრაგედიის ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ერთიც მეორეც და მესამეც არის აბსოლუტური ტყუილი. მძიმეა, მაგრამ ეს ოჯახი როგორც ფულად, ასევე სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებდა და მათ საცხოვრებელიც გააჩნდათ. მე კალკულაციას არ დავიწყებ რამდენს იღებდა და როგორ, მითუმეტეს, რომ ასეთი დასასრულის შემდეგ ეს არის მიუღებელი, მაგრამ ხანძრის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ არის ის მდგომარეობა, რაზეც ვსაუბრობთ და შესაძლოა ეს სხვა იყოს. ეს უკვე საგამოძიებო ორგანოების საკითხია . სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფაქტი შესაძლოა ძლიერ ოჯახშიც მოხდეს და სოციალური პრობლემები სულაც არ ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასაც არ ვისურვებდი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.