„წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 2012 წლისთვის დაფიქსირდა - 728. 2018 მონაცემით - 416. 2019 წლის მონაცემი 2020 წელს იქნება. 5 წლამდე ბავშვის სიკვდილიანობა 2012 წლისთვის იყო - 836, ხოლო 2018 წლისთვის არის - 499. არის რადიკალური განსხვავება, თითქმის 2-ჯერაა შემცირებული. რაც შეეხება გუშინ „აწეულ“ თემას, რომ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა არის UNICEF-ის 2011 წლის მონაცემი. ხოლო, ყოველწლიურად 300 ბავშვის გარდაცვალება კი არის 2009 წლის მონაცემი. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მმართველობაში და დღეს, ამას ჩვენ გვაბრალებს და საზოგადოებას აწვდის აბსოლუტურ ტყუილ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შიმშილით დღეს ბავშვები არ იღუპებიან, თუმცა მათი სიღარიბე, რა თქმა უნდა კვლავ არის პრობლემა.
„საუბარია კვების რაციონის სრულფასოვნებაზე და აქ შიმშილის დეფინიცია არ არსებობს. კვების რაციონის არასრულფასოვნება არ ნიშნავს, იმას, რომ ის არის სიკვდილის ზღვარზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, UNICEF-ის მონაცემი შიმშილის ზღვარზე მყოფ 77 000 ბავშვთან დაკავშირებით, დღეს არის რადიკალურად განსხვავებული და ეს არის მინიმუმ 28000-ით ნაკლები.
„არსებობს მსოფლიო ბანკის კვლევის სიღარიბის მაჩვენებელის, ბოლო მონაცემები, რაც კონტრასტულად გაუმჯობესებულია. თუმცა, რა თქმა უნდა სიღარიბე დღეს კვლავაც პრობლემად რჩება. იმასთან შედარებით, რაც იყო 2-ჯერ არის შემცირებული. ახალი მეთოდოლოგიით მსოფლიო ბანკი განიხილავს 3 დონეს, სადაც ერთ-ერთი არის უკიდურესი სიღარიბე, როცა სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე არის 1,9 $ და მასზე ქვევით. 2017 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით ვითარება 2-ჯერ არის გაუმჯობესებული. ზუსტ ციფრებს ვასახელებ, პასუხისმგებელი ვარ ამ ციფრებზე, 2011 წელს სიღარიბე მსოფლიო ბანკის მონაცემებით იყო - 11, 28%. 2017 წლის მერე იყო - 5.02%, ხოლო 2015-16 წლებში 4% ქვევითაც კი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, არათუ 4%, არამედ 1 ადამიანიც კი, თუ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ისიც საზრუნავია, მაგრამ ამას არ სჭირდება მხოლოდ ემოციები, ან ჩასაფრება და უსაფუძვლო კრიტიკა. ეს მონაცემები თავისით არ შეცვლილა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.