logo_geo
eng_logo
ევროკომისიამ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესის ცვლილებაზე ინიციატივა წარადგინა
- +

6 თებერვალი. 2020. 01:28

 

 

ევროკომისიამ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესების ცვლილების ინიციატივა წარადგინა. გეგმის თანახმად, სახელმწიფოებმა, რომლებიც ევროკავშირი გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, აქტიურად უნდა განახორციელონ რეფორმები, რომლებსაც ბრიუსელთან მათ მიერ დადებული შეთანხმებები ითვალისწინებს. ამასთან, თუ რეფორმების ტემპები არადამაკმაყოფილებელი იქნება ან პროგრესი შეფერხდება, აღნიშნულ ქვეყნებს სანქციები დაემუქრებათ.

 

დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა „გაფართოების პროცესის გაუმჯობესება – საიმედო ევროპული პერსპექტივები“, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ.

 

ევროკომისია ევროკავშირი გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გადახედვის ინიციატივით გამოდის. კერძოდ, წარდგენილი პროექტით, მოლაპარაკებების 35 თავი ექვს თემატურ ჯგუფად უნდა დაიყოს.

 

თითოეული ჯგუფისთვის გათვალისწინებული იქნება მოლაპარაკებების ცალკეული ფაზა. თუ წევრობის კანდიდატი ქვეყანა უკვე განვლილი ფაზით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, გაწევრიანების პროცესი შეჩერდება და თავიდან დაიწყება.

 

ამასთანავე, დოკუმენტი ითვალისწინებს დამატებითი სტიმულის მიცემას ისეთი კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებიც კარგ შედეგებს აჩვენებენ. ასეთ წამახალისებელ ზომებს შორისაა: დაფინანსების გაზრდა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება. თუ ქვეყნები პროგრესს არ მიაღწევენ ან პირიქით დაფიქსირდება უკუსვლა რეფორმებში, მათ შესაძლოა, სანქციები დაუწესონ, მათ შორის დაფინანსების შეწყვეტა, ევროკავშირის პროგრამებისადმი წვდომის გაუქმება, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა.

 

ევროკომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვა ბრიუსელში, მარტში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე იგეგმება.

 

როგორც ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ევროკავშირის მიზანია, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დემოკრატიული რეფორმებისკენ უბიძგონ.

 

„ეს არის ჩვენი გეოსტრატეგიული ინვესტიცია“, – განაცხადა ევროკომისარმა.

 

გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის ინიციატივით დაიბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამის შემდეგ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირში ახალი წევრების მიღების პროცედურის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner