„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის „ორმაგი არაკომპეტენტურობა“ დაადასტურა.
როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოდირი ცალსახად ამბობს, რომ ის ვერ შეაფასებს ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის კონსტიტუციურობას, „რაზეც ოპოზიციას, როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა“.
„ეს არ არის კლასიკური გერმანული მოდელი, ესაა დამახინჯებული გერმანული მოდელი, ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ოდირში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა, ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირისგან - ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით - ერთი: ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციურობასთან და მეორე - მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა, ანუ ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა ჩვენი ოპოზიციის. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში, ანუ გაიგზავნა დოკუმენტი ისეთი თხოვნით, როგორითაც არ უნდა გაგზავნილიყო. ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს, მიანიშნა ოდირმა ოპოზიციას.
ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც არიან უნიათოები, რაც ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.