logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა, არა მხოლოდ ქართველების, არამედ ოსებისაც
- +

6 თებერვალი. 2020. 16:13

 

 

„ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა, არა მხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, „ახალგორის მიმართულებით ე.წ გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი“.

 

„ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები იყვნენ ინფორმირებული და რაც მთავარია, ეს ინფორმირებულობა გადაიზარდოს რუსეთზე ზეწოლაში. ჩვენ საერთაშორისო და სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით იმისთვის, რომ ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არა, მხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში. 80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, იმიტომ, რომ იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა“, - განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა.

 

„ეს არის ტრაგიკული იმიტომ, რომ ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები და ბავშვები და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო. ჩვენი პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც სთავაზობს მათ ამ პერსპექტივას და სწორედ ამიტომ ჰქვია ინიციატივას, რომელიც ახლახან წარმოვადგინეთ - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ეს არ არის მხოლოდ ტრანსპარენტული სათაური, ეს არის შინაარსი. ეს არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა. ჩვენ გვაქვს ერთიანი მომავალი შერიგებისა და იმ მავთულხლართების დამარცხების გზით, რომელიც ასე უმოწყალოდ ჰყოფს საქართველოდ ტერიტორიას”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner