მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა 2 სამედიცინო ცენტრთან, კერძოდ, შპს „მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრსა“ და ინდმეწარმე ექიმ ვენეროლოგ - დერმატოლოგთან, გიორგი ტიჟოევთან.
მემორანდუმების მიზანია, ისეთი ერთობლივი სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისკენ.
მემორანდუმების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე; კლინიკები გამოთქვამენ მზადყოფნას, შეღავათიანი პირობებით მოემსახურონ უწყების ბენეფიციართა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს და სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით, უზრუნველყონ მათთვის უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.
ორივე სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ძალაში შედის მხარეთა მიერ მათი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
მემორანდუმებს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს „მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორმა, ლალი პეტაშვილმა და ი/მ „გიორგი ტიჟოევი“ ექიმმა დერმატოლოგ-ვენოროლოგმა, გიორგი ტიჟოევმა მოაწერეს.