„ეუთო-ს დასკვნაში საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რა საარჩევნო სისტემას აირჩევს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა შეაფასა.
მისი თქმით, ის მოდელი, რომელსაც მმართველი გუნდი სთავაზობს ოპოზიციას და რომელიც მანდატების 100/50-ზე გადანაწილებას გულისხმობს, დაბალანსებული და კომპრომისულია.
„მე მინდა გამოვეხმაურო ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნას, რომელიც ეხება სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ საკანონმდებლო ცვლილებებს. იქაც საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რა საარჩევნო სისტემას აირჩევს. ჩვენ 2016 წელს დავდეთ პირობა, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე და 2017-18 წლებში ეს პირობა შევასრულეთ, ვინაიდან ავსახეთ კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომ გადასვლა მოხდება 2024 წელს.
დღეს ოპოზიციას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ეს არის დაბალანსებული, კომპრომისული მოდელი და ვფიქრობ, ოპოზიციაც ემზადება, რომ შემდეგი დიალოგის ფარგლებში კონკრეტული განხილვა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თალაკვაძემ.