logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიმაკაძე: საქართველოში იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტი 10-15 ტერორისტის მონაწილეობით!
- +

6 თებერვალი. 2020. 02:11

 

 

 

2020 წლის 29 იანვარს თბილისის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დაასრულა გამოძიება, რომელიც სპეცრაზმელის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობდა.

 

საგამოძიებო უწყების განცხადებით, იმ სპეცრაზმელის ქმედებაში, რომელმაც 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, დანაშაულის ნიშნები არ გამოვლინდა, რადგან სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და მის მიერ განხორციელებული გასროლა არამარტო საკუთარი თავის, არამედ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურებოდა.

გარდა ამისა, პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შეკრებილი იქნა მტკიცებულებები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დახმარებას უწევდა ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებას და უკანონოდ ფლობდა ხელყუმბარას, რომლის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა სცადა კიდეც. როცა მის დასაკავებლად სპეცრაზმი მივიდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაცვლილია, საგამოძიებო ორგანო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს ამბობს.

პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამ და შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს საშუალება მისცა, ტერორიზმთან დაკავშირებული რეზონანსული საქმის შესახებ უფრო მეტი ისაუბრონ და თქვან ის, რასაც მანამდე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ამბობდნენ.

ასე რომ, ვესაუბრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსს ირაკლი ჩიმაკაძეს.

– ბატონო ირაკლი, არსებობდა თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო?

– ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ, რომლებიც ჩვენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პანკისის ხეობაში დავაკავეთ, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დღეს ისინი სასჯელს იხდიან.

ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში მიღებული ჭრილობის გამო თემირლან მაჩალიკაშვილი რომ არ გარდაცვლილიყო, ახლა ისიც პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული და სხვების მსგავსად ციხეში იჯდებოდა.

– თუმცა, მავანნი დღემდე საუბრობენ იმაზე, თითქოს, თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებას არც გეგმავდით და სპეცდანიშნულების რაზმს, უბრალოდ, მისამართი შეეშალა.

– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარ შეცდომას ადგილი არ ჰქონია! ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, მტკიცებულებებს ვაგროვებდით და მათი ერთობლიობის საფუძველზე სასამართლომ ნებართვა მოგვცა, დაგვეკავებინა დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, ასევე ჩაგვეტარებინა მათი პირადი და საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკა. ამდენად, სპეციალური ოპერაციების ძალებმა ყველა დასაკავებელი პირის მისამართი წინასწარ დაადგინეს და კარგად შეისწავლეს.

– ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან ვის უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდა – პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან თუ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა?

– ჩვენ მიერ დაკავებულ პირებს და თემირლან მაჩალიკაშვილს ჩატაევის დაჯგუფებისათვის დახმარების გაწევის საქმეში თავ-თავიანთი ფუნქციები გააჩნდათ: ზოგი მათგანი უზრუნველყოფდა ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრების მიყვანას თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლამდე, ზოგი – მათ ჩამოყვანას აჭარის რეგიონიდან თბილისში და ზოგიც, ბინის ქირაობას, მობილური ტელეფონებითა და ინტერნეტით აღჭურვას, საკვებით მომარაგებას და ა.შ.

კონკრეტულად თემირლან მაჩალიკაშვილმა და დუისში მისმა ახლო მეზობელმა რამაზ მარგოშვილმა ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრისთვის – ბორზიევისა და სოლტახმედოვისთვის თბილისში ბინა დაიქირავეს და უზრუნველყოფდნენ მათ გადაადგილებას დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე უზრუნველყოფდნენ საკვებით, ინტერნეტით, ტელეფონებით და ა.შ.

თემირლან მაჩალიკაშვილი ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან ერთად სწორედ ამ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ბინის მეპატრონის განცხადებით, ქირაც არაერთხელ გადაიხადა. გარდა ამისა, ბინაში ინტერნეტის პაროლად დაყენებული იყო მაჩალიკაშვილის სახელი – „TEMIRLAN“.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ამოვიღეთ და შევაგროვეთ არაერთი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ჩატაევთან და მის ტერორისტულ დაჯგუფებასთან. ეს მტკიცებულებებია: თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე არსებული საბანკო დოკუმენტაცია, ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონების საგარანტიო ფურცლები, მაჩალიკაშვილის სახელზევე გაფორმებული სიმ-ბარათები, ვიდეოკამერების ჩანაწერები, ჩატაევის მიერ განხორციელებული ზარი თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე და სხვა.

– მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მათი ადვოკატები და მხარდამჭერი პოლიტიკოსები აპელირებენ, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება არც იყო საჭირო, რადგან შეგეძლოთ, ეჭვმიტანილები დაკითხვაზე დაგებარებინათ და თუ არ გამოცხადდებოდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიგეღოთ სხვა ზომები. ამაზე რას იტყვით?

– ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირებს გამოძიებასთან თანამშრომლობა თუ უნდოდათ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მთელი თვე ჰქონდათ იმისთვის, რომ ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოში მისულიყვნენ და ჩვენებები მიეცათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

– თქვენ რატომ არ დაიბარეთ დაკითხვაზე, იქნებ, გამოცხადებულიყვნენ?

– არ დავიბარეთ იმიტომ, რომ ჩვენი ტაქტიკა გვქონდა, როცა მტკიცებულებებს ვაგროვებდით, ყოველდღე ვლინდებოდა ახალი პიროვნება, რომელსაც ჩატაევის დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი და რომელიმე მათგანი დაკითხვაზე რომ დაგვებარებინა, დანარჩენებს დავაფრთხობდით – მიხვდებოდნენ, რომ სწორ კვალზე ვიდექით და შესაძლოა, მიმალულიყვნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველა მათგანი ერთდროულად აგვეყვანა.

გარდა ამისა, დასაკავებელი პირები ხომ ჩატაევის დაჯგუფებას ეხმარებოდნენ, იმ დაჯგუფებას, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცვებს სერიოზული შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და, შესაბამისად, არსებობდა მაღალი რისკი, დაკავების დროს მათაც გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელების წინააღმდეგ.

– ისე, საინტერესოა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, როცა ჩატაევის დაჯგუფება გაანადგურეთ, თემირლან მაჩალიკაშვილმა და სხვებმა დაკავების საფრთხე რატომ არ იგრძნეს და ქვეყანა რატომ არ დატოვეს?

– ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ამჟამად დაკავებული გვყავს, პანკისის ხეობაში ჩავიდა, ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ რამდენიმე ადამიანს შეხვდა და გააფრთხილა – თუ მოგვაგნებენ და დაგვიჭერენ, არავითარი ჩვენება არ მივცეთო!

რასაც ახლა გეტყვით, ამას პირველად ვამბობ: ზურაბ იდოიძემ, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის და რომელმაც უზრუნველყო ჩატაევის შემოყვანა თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის მწვანე ზოლამდე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საქართველო დატოვა და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფებოდა, მაგრამ დაბრუნდა და რამდენიმე დღეში დავაკავეთ კიდეც. იდოიძემ ჩვენს გამომძიებლებს პირად საუბრებში უთხრა – ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩვენს კვალზე გამოხვიდოდით, თორემ საქართველოში არ დავბრუნდებოდიო. ამ ადამიანებს რატომღაც ჰქონდათ განცდა, რომ ჩვენ მათ ვერ მივაგნებდით.

– მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები თავიდან ამბობდნენ, რომ ოთახში სპეცრაზმის შესვლის დროს თემირლანს ეძინა, ნაციონალური მოძრაობა კი აქტიურად ამკვიდრებდა ნარატივს – „მძინარე ბავშვი ლოგინში ჩაკლეს!“ შემდეგ და შემდეგ მაჩალიკაშვილებმა „პირველი ჩვენება“ შეცვალეს და აცხადებდნენ, რომ თემირლანს ხელყუმბარა კი არა, ტელეფონი ეჭირა, რამაც ავტომატურად გამორიცხა ძილის ვერსია, რადგან მძინარე კაცი ხელში ტელეფონს ვერ დაიკავებდა. რეალურად რა მოხდა და რატომ ესროლა სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს?

– როგორც კი სპეცრაზმი ოთახში შევიდა, თემირლან მაჩალიკაშვილს მოუწოდეს, არ განძრეულიყო და მათ ბრძანებას დამორჩილებოდა, მაგრამ მან ეს ყურად არ იღო, მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და სცადა, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა. აქედან გამომდინარე, სპეცრაზმელმა დაინახა მყისიერი საფრთხე, რომ შეიძლებოდა მისი და მისი კოლეგების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდი ზიანი მისდგომოდა, რის გამოც მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება და მოახდინა გასროლა.

– სპეცრაზმის შესვლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა ხელში ეჭირა თუ მერე აიღო?

– ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხელყუმბარიდან ამოღებული გენეტიკური პროფილი თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-ს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ხელყუმბარა ხელში ეჭირა.

– თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახის ჩხრეკის დროს ხელყუმბარის ამოღება ნამდვილად მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით მოხდა?

– დიახ, ჩხრეკას ესწრებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც ჩხრეკის ოქმს არაერთგზის მოაწერა ხელი და არავითარი პრეტენზია არ განუცხადებია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილის ოთახიდან ხელყუმბარა იქნა ამოღებული, არ უთქვამს, რომ მის ვაჟს ხელყუმბარა არ ჰქონდა, „ჩაუდეს“ და ა.შ.

– ანუ მალხაზ მაჩალიკაშვილს არ გაჰკვირვებია, რომ მისი შვილის ოთახში ხელყუმბარა იპოვეს?

– კიდევ ვიმეორებ: მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ამის თაობაზე ჩხრეკის ოქმშიც არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებია. ერთადერთი შენიშვნა, რაც მან ოქმში დააფიქსირა, ჩხრეკის დროს ამოღებულ თანხას ეხებოდა, რომელზეც განაცხადა, რომ მის ქალიშვილს ეკუთვნოდა.

– გამოძიებამ დაადგინა ჩხრეკის დროს ამოღებული თანხის წარმომავლობა?

– თანხის წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, რამდენიმე ვერსია არსებობს. კერძოდ, ის ფული, რომელიც მაჩალიკაშვილსა და ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ სხვა პირებს უცხოეთიდან ერიცხებოდათ, შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა მიბარებული.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე უცხოეთიდან თანხა ჩარიცხა, ახმედ ჩატაევის ძმის ცოლი იყო და ლოგიკური იქნებოდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი, როგორც მამა, დაინტერესებულიყო, რატომ ურიცხავდა მის შვილს თანხას ტერორისტის ოჯახის წევრი?!

– პირდაპირ გკითხავთ: თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს, ჰქონდა თუ არა კავშირი ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან და იცოდა თუ არა, რომ მსოფლიო დონის ტერორისტი ახმედ ჩატაევი საქართველოში იყო შემოსული?

– მალხაზ მაჩალიკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრები – ბორზიევი და სოლტახმედოვი მასთან სახლში იმყოფებოდნენ და სტუმრებს ჩაითაც გაუმასპიძნლდა, თუმცა, ამბობს – არ ვიცოდი, რომ ისინი ჩატაევთან და ტერორიზმთან იყვნენ დაკავშირებულიო, რაც აბსურდია.

– ანუ მალხაზ მაჩალიკაშვილმა იცოდა, რომ ბორზიევი და სოლტახმედოვი ტერორისტები იყვნენ?

– თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ფოტოსურათი, რომელზეც სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ბორზიევია ასახული, ავტომატით ხელში. ფოტოზე ასევე ჩანს ბორზიევის უკან მდგარი „ტოიოტას“ მარკის პიკაპი, რომელსაც ნატყვიარები ეტყობა და ზედ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაა დამაგრებული, თუნდაც მარტო ეს ფაქტი მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმაც, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც და სხვებმაც, რომლებიც ჩატაევის დაჯგუფებას ეხმარებოდნენ, იცოდნენ, რომ ბორზიევი და სოლტახმედოვი ტერორისტები იყვნენ.

– ისიც გკითხეთ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჩატაევის საქართველოში შემოსვლის შესახებ თუ იცოდა-მეთქი?

– 2017 წლის 30 ოქტომბერს, როცა ჩატაევმა ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს საზღვრის მწვანე ზოლი გადმოკვეთა, პირველივე ზარი თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ტელეფონის ნომერზე განახორციელა. საუბარი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული იმავე ნომრიდან ზარი განხორციელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე.

ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები აბსოლუტურ კონსპირაციას იცავდნენ, რათა სამართლდამცავი ორგანოების თვალთახედვის არეში არ მოხვედრილიყვნენ და, ბუნებრივია, რომ ჩატაევი საქართველოში შემოსვლისთანავე მხოლოდ ისეთ ადამიანს დაურეკავდა, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა.

– და ასეთი ადამიანი თემირლან მაჩალიკაშვილი იყო?

– ფაქტია, რომ ჩატაევმა საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმისთანავე თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკა, ამ ნომრიდან კი რამდენიმე წუთში მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაირეკა. ეს მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმაც და მალხაზ მაჩალიკაშვილმაც ჩატაევის საქართველოში შემოსვლის შესახებ იმავე დღეს იცოდნენ.

და კიდევ: მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე ახმედ ჩატაევის ერთ-ერთი ცოლის ახლო ნათესავია.

– გამოძიებამ მალხაზ მაჩალიკაშვილი რომ დაჰკითხა, არ უთქვამს, ვინ ესაუბრა მისი შვილის სახელზე გაფორმებული ტელეფონის ნომრიდან, რომელზეც ჩატაევმა საქართველოში შემოსვლისთანავე დარეკა?

– მალხაზ მაჩალიკაშვილი ამას ვერ იხსენებს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს!

– არის თუ არა დადგენილი გამოძიების მიერ, კონკრეტულად რა მიზნით შემოვიდნენ საქართველოში ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები და რა ტიპის ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდნენ?

– ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან ნათლად ჩანს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები – ისლამ ატაბაევი, იგივე აბუ ჯიჰადი, რომელიც იმ პერიოდისთვის სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ახმედ ჩატაევი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, თუ როგორ განეხორციელებინათ ტერორისტული აქტები თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე. ჩატაევმა აბუ ჯიჰადს შესთავაზა, რომ ტერაქტს საქართველოში განახორციელებდა და უთხრა – იქ მყავს ჯგუფის წევრები, რომლებიც ტერაქტისთვის ყველაფერს მოამზადებენო.

ჩატაევის დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, რათა მსხვერპლი დიდი ყოფილიყო, ძირითად აქცენტს კი უცხოელებზე, მათ შორის, ტურისტებზე აკეთებდნენ. პირველი მუქარის შეტყობინებაში, რომელიც ჩვენ ჩატაევისგან მივიღეთ, იგი ზუსტად იმაზე საუბრობდა, რომ თბილისში ტურისტების წინააღმდეგ მოაწყობდა ტერაქტებს.

ამასაც პირველად ვამბობ: 2017 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით შუადღეს, როცა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ვატარებდით, ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და შეხვედრა მთხოვეს. მათ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შევხვდი და მითხრეს, რომ საქართველოში იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი ტერაქტი 10-15 ტერორისტის მონაწილეობით, რომლებიც აპირებდნენ ისეთ ლოკაციაზე შესვლას, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბებოდა და მათ შორის მრავლად იქნებოდნენ უცხოელები.

– ანუ რომელიმე უცხო ქვეყნის საელჩოზე გეგმავდნენ თავდასხმას?

– იმ პერიოდში საქართველოში ტარდებოდა სამი მასშტაბური ღონისძიება: რაგბის ამხანაგური მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის, საბავშვო „ევროვიზია“ და აბრეშუმის გზის ფორუმი. 10-15 შეიარაღებული ტერორისტი რომელიმე ამ ღონისძიებაზე რომ შეჭრილიყო და მძევლები აეყვანა, აფეთქება მოეხდინა ან ხალხი ცეცხლსასროლი იარაღით დაეხოცა, როგორც ამას სხვა ქვეყნებში აკეთებენ, წარმოიდგინეთ, ჩვენს ქვეყანას რამხელა მასშტაბის უბედურება დაატყდებოდა თავს. საქართველო გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უსუსტესი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების კუთხით.

– თანაც, ახმედ ჩატაევი ხომ საქართველოში შაჰიდის ქამრით იყო შემოსული?

– დიახ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპარაციის დროს ჩატაევმა თავი სწორედ შაჰიდის ქამრით აიფეთქა.

– არ ვიცით, ჰქონდა თუ არა შაჰიდის ქამარი თემირლან მაჩალიკაშვილს, მაგრამ ამერიკაში ჩატარებული ექსპერიტიზის შედეგად მისი მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა მიმოწერა მეგობარ გოგონასთან, რომელსაც ეუბნებოდა – ისტიშხადი უნდა ჩავატარო და თბილისში, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ თავი უნდა ავიფეთქოო. ამაზე რას იტყვით?

– ეს ფაქტი მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს შაჰიდური სუიციდისაკენ ჰქონდა მიდრეკილება. თავის აფეთქებაზე ყველა ტერორისტი არ მიდის და მხოლოდ გარკვეული კატეგორიაა, რომელსაც ამისთვის სპეციალურად ამზადებენ.

– შაჰიდური მიდრეკილებები თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმაც კი გამოავლინა, რომელმაც პირდაპირ მიტინგზე გამოაცხადა – მე და ჩემს მეგობრებს ფიცი გვქონდა დადებული, რომ სუს-ის შენობაში თავი აგვეფეთქებინაო. მაჩალიკაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქმეც აღიძრა და საინტერესოა, რა ეტაპზეა გამოძიება?

– ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხულია და თუ იქნება მტკიცებულების სტანდარტი, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში, სხვა დეტალებზე კი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ.

საერთოდ, ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევის საქმეზე ბოლო წერტილი ჯერ კიდევ არ დაგვისვამს, ხელთ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ჩატაევის დაჯგუფებასთან სხვადასხვა პირთა კავშირზე მიუთითებენ და არ გამოვრიცხავ, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც კიდევ არაერთი დამნაშავე დავაკავოთ!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner