სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე აცხადებს, რომ პანკისში სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელის ბრძანებას არ დაემორჩილა და ხელყუმბარის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა სცადა, რის შემდეგაც სპეცრაზმელმა საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისროლა.
„როგორც კი სპეცრაზმი ოთახში შევიდა, თემირლან მაჩალიკაშვილს მოუწოდეს, არ განძრეულიყო და მათ ბრძანებას დამორჩილებოდა, მაგრამ მან ეს ყურად არ იღო, მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და სცადა, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა. აქედან გამომდინარე, სპეცრაზმელმა დაინახა მყისიერი საფრთხე, რომ შეიძლებოდა, მისი და მისი კოლეგების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდი ზიანი მისდგომოდა, რის გამოც მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება და მოახდინა გასროლა“, - აცხადებს ირაკლი ჩიმაკაძე.
როგორც ირაკლი ჩიმაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს, თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელის ოთახში შესვლის მომენტში ხელყუმბარა ხელში ეჭირა.
„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხელყუმბარიდან ამოღებული გენეტიკური პროფილი თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-ს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ხელყუმბარა ხელში ეჭირა“, - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.