თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ კონცეფცია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.
„ჩართულობა- პასუხისმგებლობა
ეფექტიანობა- მოდერნიზაცია..."
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე მდგარი ამოცანების პრაქტიკის კონკრეტულ ენაზე ამეტყველება, პირდაპირ და უშუალოდ არის დამოკიდებული უნივერსიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა-ფორმირების პროცესის კვალიფიციურ, კომპეტენტურ, ღია და კეთილსინდისიერ მენეჯმენტზე. განუზომლად მაღალია ამ პარამეტრების, უნივერსიტეტში არსებული სიტუაციის ძირეულად შეცვლა-გაუმჯობესების ფაქტორებთან კორელაციის ხარისხი. პრობლემისადმი ამგვარი დამოკიდებულების გარეშე უნივერსიტეტის ტრანსფორმაცია- მოდერნიზაციის თემატიკა ვერ გაცდება ილუზორული, ყალბი და მოჩვენებითი წარმოდგენებისა და აქტივობის არეალს. საბიუჯეტო პროცესის ოპერირებისას უნდა გავითვალისწინოთ ორი საკვანძო მომენტი-ეფექტიანობა და სამართლიანობა. გაჟღერებული მიდგომების რეალიზაცია შეუძლებელია გამჭვირვალობის, პროცესებში მთავარი აქტორების- სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და მეცნიერ-მკვლევარების უშუალო ჩართულობის გარეშე.
დიდია ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პასუხისმგებლობა უნივერსიტეტისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე, იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლის მიღებაც მას მოუწევს უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) არჩევასთნ დაკავშირებით. მითუმეტეს უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე.
ამ გადასახედიდან გაკვირვებას იწვევს დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული პერიპეტიები. კერძოდ, არ იქნა გაზიარებული ჩემი პრინციპული მოსაზრება, ,კონცეფცია და სამოქმედო გეგმა წარმედგინა საუნივერსიტეტო საზოგადოების ფართო სპექტრისთვის პირდაპირ და უშუალო ფორმატში. არგუმენტების დიაპაზონი, ასეთი შეხვედრების ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ, იყო ერთობ ფართო- კანცლერობის სხვა კანდიდატებს არ სურთ ამ პროცესში ჩართვა, არ ითვალისწინებს მარეგულირებელი ნორმა, არ აინტერესებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტობას. არ მინდა დავიჯერო, რომ გარდა პირველი მოტივატორისა, სხვა ე. წ. არგუმენტს გააჩნდეს რაიმე ობიექტური და რეალური საფუძველი. თუმცა აქვე უნდა გაგიზიაროთ, ჩემთვის ფრიად მოულოდნელი გარემოებით მოგვრილი შთაბეჭდილება. აკადემიურ საბჭოში ახლად არჩეულ ერთ-ერთ წევრს, როცა მივმართე თხოვნით, დასწრებოდა შეხვედრას, ერთობ კატეგორიული ტონით დამაკვალიანა, რომ კანცლერის არჩევის წესი არ ითვალისწინებდა ასეთ ფორმატს. ალბათ უფრო მართებული იქნებოდა მას, როგორც აკადემიური საბჭოს წევრს, არათუ მხარი დაეჭირა ჩემი საფუძვლიანი, სამართლიანი თხოვნისთვის, არამედ გამოეჩინა ინიციატივა კონკურენტული, გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შემზღუდავი ეს ნორმა გაუქმებულიყო. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონებს თემურ ბერიძეს და ელგუჯა მექვაბიშვილს, რომელთა უშუალო მხარდაჭერითაც შედგა დღევანდელი შეხვედრა.
უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნების პროცესი ისე წარიმართა, თითქმის ყველა ფაკულტეტზე, რომ ამ პროცესის ათეულობით მონაწილისაგან, თითქმის არავის არ მოსვლია აზრად რომ ამომრჩევლისთვის წარედგინა უნივერსიტეტში არსებული სისტემური პრობლემების დაძლევის მისეული ხედვები, დახმარებოდა აკადემიურ პერსონალს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ამის მცდელობა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გაამჟღავნა და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დააგროვა. ასეთია ჩვენი მომხმარებელი(ამომრჩეველი) და არ უნდა გვიკვირდეს რომ შედეგი ისეთი გვაქვს , როგორიც გვაქვს. ამ კონტექსტში ერთობ პრობლემატურად მეჩვენება უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის რეალიზაციის პერსპექტივები ამ მოცემულობის პირობებში. აუცილებელია მენტალური გარღვევა მოვახდინოთ ამ მიმართულებით. და ეს უწინარეს ყოვლისა უნდა აისახოს საარჩევნო ფორმატის ცვლილებაშ, რაც უწინარეს ყოვლისა უნდა განივთდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების კულტურის ფორმირებაზე ზრუნვაში.
თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩევის კრიტერიუმებს(საკვალიფიკაციო მოთხოვნებს)-დანართი N1. პუნქტი 6, ბ.
84 მილიონიან ბიუჯეტის მართვას ვანდობთ ვის?
ინტერესთა კონფლიქტი- ვინც შეიმუშავა ნორმა და საბოლოო სახე მისცა ის მონაწილეა პროცესის. ერთმა თითქოს უწყინარმა ან|და-მ შსაძლებლობა მისცა თითქმის ყველას , კვალიფიკაციის მიუხედავად , იტვირთოს პასუხისმგებლობა ასეთი დიდი მოცულობის ბიუჯეტის მართვის და ხარჯების მიზნობრიობის მონიტორინგის.
საუნივერსიტეტო აქტივობებში დაინტერესებული მხარეების ფართომასშტაბიანი მონაწილეობის, განსაკუთრებით უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების არჩევნებში სრულფასოვანი ჩართულობის გარეშე, პასუხისმგებლობას ვერ გადავანაწილებთ პროცესის მონაწილეებზე. მხოლოდ სისტემური ცვლილებებით, კონსენსუსით შეჯერებული, გაზიარებული, დადგენილი პრინციპების ერთგულებით და უცილობელი დაცვით, მოვახერხებთ უნივერსიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების მიუკერძოებელ ფორმირებას, რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას, ორგანიზაციის თვისებრივ განახლება-ტრანსფორმაციას.
ამ მიმართებით შექმნილია ერთობ პარადოქსული სიტუაცია, რაზეც აქცენტები, ამ ბოლო პერიოდში, რატომღაც არ კეთდება. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც ეს ფუნქცია სულ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ირჩევს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მთელი აკადემიური პერსონალი, ხოლო კანცლერს და რექტორს 4 წლის ვადით-- თხუთმეტკაციანი აკადემიური საბჭო. რეგულაციის ეს ნორმა უნდა შეიცვალოს. მეტიც, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს არა მხოლოდ აკადემიურმა პერსონალმა, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც. ისინი არ უნდა იყვნენ გარიყული ამ პროცესებიდან.
უნივერსიტეტის ბიუჯეტის სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა დაეფუძნოს ისეთ პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაწერილი მიზნების (პრიორიტეტების) კონკრეტულობას, გაზომვადობას, რეალისტურობას, დროში განსაზღვრულობას. ანალოგიური დამოკიდებულება ქმნის შესაძლებლობას, სტრატეგიული მიზანდასახულობები იდენტიფიცირებული იქნას არა ზოგად-აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ფორმატში. აუცილებელია გამოვიყენოთ შიგა და გარე გარემოს სკანირების ერთ- ერთი აპრობირებული მეთოდი - SWOT ანალიზი. სკურპულოზურად შევისწავლოთ აკადემიური დაწესებულების, მისი ორგანიზაციული სტრუქტურის, მწარმოებლური ფაქტორების ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. გამოკვლეული უნდა იქნას და დადგინდეს არსებულ მდგომარეობასა და მოლოდინს (სასურველ მდგომარეობას) შორის არსებული ცდომილების (აცდენის) მასშტაბები, კონკრეტული პარამეტრები, გამომწვევი მიზეზები.
კონცეპტუალური ხედვა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში დაგროვილი სისტემური პრობლემების რეალისტურ აღქმა-გაცნობიერებას, იდენტიფიცირებას. ერთად უნდა შევცვალოთ სასურველის რეალობად წარმოჩენის შესაძლებლობის
გარემო, საუნივერსიტეტო აკადემიური პერსონალის და სტუდენტური თემისთვის თვალებში „ნაცრის შეყრის", სამწუხაროდ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც თავისი არსით, წარმოადგენს ნებისმიერი საქმიანი ორგანიზაციული სისტემის რყევის და დესტაბილიზაციის უმთავრეს წყაროს და ფაქტორ-პირობას. ამის დადასტურებაა უნივერსიტეტში დღეს მიმდინარე „დუღილის" პროცესი.
აუცილებელია საუნივერსიტეტო მენეჯმენტში დავამკვიდროთ მდგრად ორგანიზაციულ სტრუქტურებში აპრობირებული, გამჭვირვალე, Stake Holder-ების ჩართულობაზე და ინფორმირებულობაზე დაფუძნებული პასუხისმგებლობების გადანაწილების პრინციპი. უნივერსიტეტის საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის და გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი ტექნოლოგიები. ამ პროცესებისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან თვალყურის მიდევნება, დაგვეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად მართებულად და მიზანშეწონილად იქნა განსაზღვრული უნივერსიტეტის საბიუჯეტო პრიორიტეტები, რამდენად ემსახურება ბიუჯეტი სასწავლო დაწესებულების უშუალოდ მისიიდან და მიზნიდან გამომდინარე ამოცანების რეალიზაციას. თვალსაჩინოს გახდის რამდენადაა უზრუნველყოფილი მისი ორგანიზაციული სტრუქტურების მდგრადობა, მათი გამართული, ეფექტიანი ფუნქციონირება, რესურსების ხარჯეფექტური გამოყენება.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი არ უნდა იყოს მორგებული ცალკეული პრივილეგირებული, ვიწრო ინტერეს-ჯგუფების პირად საჭიროებებს და არ უნდა იქცეს მათი ჰედონისტური მისწრაფებების რეალიზაციის ინსტრუმენტად.(ბაკურიანის ქეისი-ტრენინგი ე.წ. მენეჯმენტში). იმ ბიუჯეტზეა საუბარი, რომლის ფორმირებაშიც სერიოზული წვლილი შეაქვთ სტუდენტებს. ისინი, მშობლებთან ერთად დიდი სირთულეების დაძლევით, ძალისხმევით და რუდუნებით აკუმულირებულ ფულს იხდიან სწავლის საფასურის სახით და ავსებენ უნივერსიტეტის საერთო „ყულაბას". ამას იმიტომ აკეთბენ, რომ მერე საუნივერსიტეტო თემის რომელიმე „ელიტარულმა" ნაწილმა ეს სიკეთე გაანივთოს აკადემიური ფორმატიდან მეტად განკერძოებული ინტერესების რეალიზაციაში? არა რა თქმა უნდა. ეს მავნე პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. საუნივერსიტეტო რესურსები უნდა მოხმარდეს სასწავლო პროცესის და სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისებრივ გაუმჯობესებასა და განახლებას, ამ პროცესში სტუდენტობის სრულფასოვან ჩართვას. უნივერსიტეტის ფინანსების განკარგვის მექანიზმი უნდა დაეფუძნოს თანაბარი ხელმისაწვდომობის, კონკურნციისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს. სტუდენტური პროექტების დაფინანსება უნდა განხორციელდეს კონკურსების საფუძველზე, სპეციალიზებული საბჭოს მიერ,
რომელშიც აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი სტუდენტებიც.
გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო ურთიერთობა, მათი მუდმივი ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და კურსდამთავრებულთა შესახებ. ერთ-ერთ პრორიტეტად უნდა ვაქციოთ საუნივერსიტეტო მეცნიერების (კვლევების) კომერციალიზაცია და მათი გამოყენებითი ასპექტების გაძლიერება. ამ მიზნით საჭიროა კონტაქტების გააქტიურება ბიზნეს-სექტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. აუცილებელია კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება დარგის წამყვანი მეცნიერების, შესაბამისი სფეროს დამსაქმებლების და სტუდენტების ჩართულობით.
უნივერსიტეტის მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახდება ენების სწავლების კომპონენტის გაღრმავება-გაძლიერება. ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ჩვენი ქვეყნის გლობალურ პროექტში-აბრეშუმის გზის ახალი ეკონომიკური სარტყელი, ინტეგრირების პერსპექტივის გათვალისწინებით, არნახულად იზრდება ჩინური ენის დაუფლების აუცილებლობა.
უმაღლესი განათლების ხარისხის გარანტიის უმთავრესი, განუყოფელი ნაწილია სტუდენტობა, მათი ჩართვა სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის პროცესში. მათთვის სათანადო კომპეტენციებისა და უნარების ჩამოყალიბების მიზნით, საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ამ სპეციალური სტუდენტური ფოკუს-ჯგუფების მომზადების დაფინანსება.
საბიუჯეტო პროცესის მართვის ერთ-ერთი უსერიოზულესი ნაკლოვანებაა, მისი ფორმირების პროცესის უკიდურესად არატრანსპარენტული ხასიათი, როგორც მისი ფორმირების, ასევე დამტკიცების შემდგომ ეტაპზეც. ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთი ლეგიტიმური და ხელმისაწვდომი წყაროა თსუ_ს ვებ გვერდი. ორგანიზაციის 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტი, რომელიც შეადგენს 83 599 954 ლარს, საერთოდ არ იძებნება, ხოლო რაც შეეხება 2013 და 2015 წლების ნაერთ ბიუჯეტებს, წარმოდგენილია 2 გვერდზე. სტუდენტების სამართლიანი, საფუძვლიანი უკმაყოფილება და მძაფრი პროტესტი, რამაც უნივერსიტეტში წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების ლუსტრაცია მოახდინა, დეტონირებული იყო სწორედ საბიუჯეტო პროცესის გაუმჭვირვალე ხასიათით. საბიუჯეტო პრიორიტეტების მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. აუცილებელია დეცენტრალიზაცია და საბიუჯეტო სახსრების განკარგვის პროცესების დეკონცენტრაცია, რაც თავის
მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, დაინტერესებული პირების სრულყოფილ ჩართულობას და პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილებას ფაკულტეტებზე.
პერმანენტულ რეჟიმში უნდა ვაანალიზებდეთ, რამდენად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულება საბაზრო მოთხოვნებით, შრომის ბაზრის კონიუქტურით ნაკარნახევი სასწავლო პროგრამების ფორმირებას, რამდენად უწყობს აკადემიური და სამეცნიერო გარემო სიღრმისეული თეორიული ცოდნის მიღებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ხარჯების ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი-კრიტერიუმია კურსდამთავრებულთა დასაქმების დინამიკა და ტენდენციები (სწავლების სამივე საფეხურის მიხედვით). რაც გამოავლენს საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების რელევანტურობას დასაქმების (შრომის) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებთან მიმართებაში.
გრანტებით ჩარიცხული აბიტურიენტების სტატისტიკის, სასწავლო პროცესში სტუდენტების ჩართულობის ხარისხის, მათი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების, სტუდენტების სხვადასხვა კონკურსებში და ოლიმპიადებში, გაცვლით პროგრამებში, იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მაჩვენებლების პერიოდული ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს აბიტურიენტთა და სტუდენტების უნივერსიტეტით დაინტერესების მოტივაციები. ანალიზი თვალსაჩინოს გახდის, თუ უნივერსიტეტში ჩაბარება რამდენად არის განპირობებული ხარისხიანი განათლების მიღების ინტერესით.
აბიტურიენტების და სტუდენტების უნივერსიტეტით დაინტერესების ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს სწავლის ხელმისაწვდომი საფასური და განსაკუთრებით ნიჭიერი, მონდომებული და მაღალი აკადემიური შედეგების მქონე, სოციალურად დაუცველი კონტიგენტის, უნივერსიტეტის ხარჯზე სწავლების საფასურის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსების გამჭვირვალე, სამართლიანი მექანიზმების დანერგვა. უმაღლეს სასწავლებლებს შორის გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს უნივერსიტეტში სწავლის საფასურის განსაზღვრის საბაზრო და სოციალურად ორიენტირებული, სოციალურად პასუხისმგებლიანი კრიტერიუმების ორგანული, დაბალანსებული
„მორიგება", შეხამება.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შეზღუდული შესაძლებლობების
კატეგორიის სტუდენტები. მათზე ზრუნვა და საუნივერსიტეტო გარემოში სრულყოფილი ინტეგრაცია გახდება ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტი. აუცილებელია ინფრასტრუქტურის ადაპტაცია მათი საჭიროებების შესაბამისად. ჯეროვნად უნდა დაფასდეს მათი განსაკუთრებული ძალისხმევა და ბიჯეტიდან მოხდეს მათი სწავლის საფასურის დაფინანსება. აი რაში უნდა იხარჯებოდეს უნივერსიტეტის რესურსები.
სერიოზული პრობლემაა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. პირველ ეტაპზე უნდა ვიზრუნოთ არა ახალი კამპუსის მშენებლობისთვის რესურსების მოძიებაზე, არამედ გაპარტახებული და წლების მანძილზე უყურადღებოდ მიგდებული სტუდქალაქის რეაბილიტაციაზე, იქ სტუდენტებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო გარემოს შექმნაზე
უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის და მეცნიერ- მკვლევარების კვლავწარმოებაზე. სრულად უნდა დააფინანსოს მაღალი აკადემიური მოტივაციისა და კვლევითი აქტივობის მქონე სტუდენტების სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე. იმ პირობით, რომ დოქტორანტურის წარმატებით დასრულებისა და დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან , უნივერსიტეტის დაფინანსებით მომზადებული პერსონალი 5 წლის განმავლობაში დარჩება ადგილზე და მოემსახურება სასწავლებლის ინტერესებს.
აუცილებელია ბაზარზე უნივერსიტეტის პოზიციონირების ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება, რელევანტური სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემის ფორმირება და ყველა დაინტერესებული პირის დროული და ოპერატიული ინფორმირება. საუნივერსიტეტო საზოგადოების - აკადემიური პერსონალის, მეცნიერ-მკვლევარების, სტუდენტობის მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში რეალური, ქმედითი, მასშტაბური ჩართულობა შესაძლებელია საუნივერსიტეტო პროცესების ყველა მონაწილის ინფორმირებულობის მაღალი ხარისხით, საინფორმაციო ნაკადების მუდმივი განახლებით და მასზე ხელმისაწვდომობის გამარტივებით.
საბიუჯეტო სახსრები უნდა მოხმარდეს უნივერსიტეტის თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვას, რაც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად შეასრულონ პრაქტიკული სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ტექნიკურ თუ სამეცნიერო დანადგარებზე ოპერირებას. ხელს შეუწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, სასწავლო პროგრამების პრაქტიკული ასპექტების გაღრმავებას და უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კადრების (ადამიანური კაპიტალის) კონკურენტუნარიანობის ზრდას. სწორედ თეორიისა და პრაქტიკის ორგანული სინთეზის საფუძველზეა შესაძლებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს ლიდერად შრომის ბაზარზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კოლაბორაციითა და მჭიდრო თანამშრომლობით შესაძლებელია, როგორც ამ მიმართულებით სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნების,
ასევე უნივერსიტეტის მიზნების თანხვედრა და ამ ტიპის პროექტებზე გაწეული ერთობლივი ხარჯების ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლება. პროცესში აქტიურად იქნება გამოყენებული უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მისი შემდგომი სრულყოფა-რეაბილიტაციის შემდეგ. ამ მიმართულებით უნივერსიტეტი აშკარად პასიურობს და არ იჩენს სათანადო აქტივობას სხვა კონკურენტი უმაღლესი სასწავლებლებისაგან განსხვავებით, რომელთა ბაზაზეც აღნიშნულმა სააგენტომ უკვე დაიწყო ძალიან საინტერესო, ერთობლივი პროექტების - ტექნოპარკების რეალიზაცია. უნივერსიტეტის ბაზაზე, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად - უნივერსიტეტი, სახელმწიფო, კერძო სექტორი, შეიქმნება ე.წ. ბიზნეს- ინკუბატორები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში სამეწარმეო უნარების, ჩვევების ჩამოყალიბებას და მათში ანტრეპრენიორული სულისკვეთების ფორმირებას. ამგვარი აქტივობა დაეხმარება სტუდენტს მოახდინოს ბიზნეს-იდეების, სამეწარმეო ინიციატივების გენერირება და იმპლემენტაცია. უნდა მოვახერხოთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ, ინოვაციური სტარტაპების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაში ინკორპორირება.
მიზანშეწონილია დაიწყოს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომ მოხდეს უნივერსიტეტის ინტეგრირება სამთავრობო პროგრამაში -აწარმოე საქართველოში და მას ცალკე კომპონენტად დაემატოს პროექტი- "აწარმოე თსუ-ში" (უნივერსიტეტის საკუთარი ფინანსური, მატერიალური, ადამიანური რესურსების ჩართვით, თანამონაწილეობით). აქედან უნივერსიტეტი და პროექტში ჩართული სუბიექტები მიიღებენ დამატებით სარგებელს.
პროექტის რეალიზაცია გარდაუვალი აუცილებლობით მოითხოვს ინტერდისციპლინარულ ჩართულობას, ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის, მეცნიერ- მკვლევარების, სტუდენტების კომპეტენციების და უნარების, ენერგიის კოოპერაციას. პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებული მარკეტინგული სტრატეგიითა
და კომპლექსით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად მათ აუცილებლად დასჭირდებათ სოცილოგიის მიმართულების ადამიანური რესურსების ჩართვა.
ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სტრუქტურების მხრიდან მოთხოვნა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური მოვლენების აღქმისა და დამოკიდებულებების განსაზღვრის მიზნით განსახორციელებელ სოციოლოგიურ კვლევებზე. ამ კვლევების მიზანი უნდა იყოს რეალური განწყობების, ტრენდების განსაზღვრა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მათზე სხვადასხვა სტრუქტურების (სამთავრობო, ბიზნესი, საზოგადოებრივი სექტორი) მხრიდან ადეკვატური რეაგირების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით არ არის გამოყენებული უნივერსიტეტის შესაძლებლობები, კერძოდ უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების აკადემიური პერსონალის, მეცნიერ-მკვლევარების პოტენციალი და გამოცდილება, სტუდენტების შესაძლებლობები და რაც მთავარია, ქართული სოციოლოგიური სკოლის დიდი ტრადიციები. უნივერსიტეტის დაფინანსებით უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ უნივერსიტეტს და ობიექტურად და მიუკერძოებლად, მეცნიერული კეთილსინდისიერებით შეასრულებენ ამ ტიპის დაკვეთებს. ამ მხრივ გაოცებას იწვევს ცალკეული სამთავრობო სტრუქტურების პოზიცია , რომლებიც სოლიდურ თანხებს ხარჯავენ ამ სახის კვლევებზე და რატომღაც არ იყენებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომელიც მათი პატრონაჟით ფუნქციონირებს) რესურსებს. ამ ტიპის კვლევებს უკვეთავენ ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა რეპუტაციაც ზოგჯერ საეჭვოა. ვერანაირი ლოგიკით ვერ ავხსნით შესაბამისი საუნივერსიტეტო სტრუქტურული ქვედანაყოფების პასიურობას ამ მიმართებით. მთავრობასთნ სათანადო კოლაბორაციით და აუთსორსინგით შეიძლება გაჩნდეს უნივერსიტეტის სახელმწიფო დაფინანსების ერთ-ერთი ალტერნატიული წყარო, რითაც დამატებით სარგებელს მიიღებს ორივე მხარე. ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულების სტუდენტების მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას.
კატასტროფულ მდგომარეობაშია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და სხვა სასწავლო კორპუსები. ერთადერთი პირველი კორპუსი გარემონტდა ბ-ნი ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით. უნივერსიტეტის სოლიდური ბიუჯეტი, სწორად ჩამოყალიბებული პრიორიტეტების პირობებში, იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ დარჩენილიყო ასეთ სავალალო მდგომარეობაში, სალექციო აუდიტორიებში არ ყოფილიყო ორმოები, რომლებიდანაც სხვადასხვა ჯურის მღრღნელები ამოძვრებიან ხოლმე. უნდა მოხდეს ფინანსური რესურსების მოძიება ამ სასწავლო ფართების რეაბილიტაციისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება უნივერსიტეტის შემოერთებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. აქ მოღვაწე, თავიანთ მიმართულებებში გამორჩეული მეცნიერ-მკვლევარების მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტში სასწავლო-აკადემიური პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ჰარმონიზაცია. სერიოზული ასიგნებები უნდა გამოიყოს ამ ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და სათანადო ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის.
ბიუჯეტის ხარჯვითი სეგმენტის საკვანძო მომენტია სხვადასხვა მიმართულებების და პროგრამების დაკომპლექტება სათანადო უახლესი, მსოფლიოში აპრობირებული სახელმძღვანელოების ქართული თარგმანებით, რასაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს რიდერებთან შედარებით. ასევე უნდა მოვახერხოთ სტუდენტების უზრუნველყოფა საუკეთესო პერიოდული გამოცემებით.
სერიოზული აქცენტები უნდა გაკეთდეს საუნივერსიტეტო ჰუმანიტარული მიმართულებების დაფინანსების სირთულეებზე, მათი განსაკუთრებული სპეციფიკის გამო. ფინანსური შემოსავლების სოლიდური ნაწილი უნდა მოხმარდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო სამეცნირო სკოლების რეაბილიტაცია-განვითარებას. ამ საკითხში მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე და კონიუნქტურაზე დაყრდნობა გაუმართლებელია.