logo_geo
eng_logo
ირანდა კალანდაძე: სულ არ გვეშინია ჩვენ ვირუსის!
- +

7 თებერვალი. 2020. 16:36

 

 

ნაციონალებზე უარესი ვირუსი არ იქნება ეს კორონაა თუ რაღაც უბედურება.

 

ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ ხომ გვწამლავდნენ, გაოპოზიციონერდნენ და ყველანაირ შხამს და გესლს ანთხევენ, ყველა აკრძალულ და აუკრძალავ ხერხს და მეთოდს იყენებენ, ოღონდ, როგორმე ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ და ქართველ ხალხს ისევ კისერზე მოაჯდნენ.

 

ბოლო დღეებია ყველა ქართულ სატელევიზიო არხზე, ყველა საინფორმაციო გამოშვებაში თვალდაფანარებული ლევან ხაბეიშვილია გამოჭიმული – ხელისუფლების წარმომადგენელს ვინმეს ბუზი რომ აუფრინო, ციხეში გაგამწესებენ და ჩვენ ვიჩაგრებითო.

 

მწარედ მეცინება, ამხელა პროვოკატორი რომაა ეს ჩემი „ზემლიაკი“ – ჩოხატაურელი „რევოლუციონერი“ ხაბეიშვილი და ტყუილს რომ გვიკიჟინებს გლახად გაკეთებული დოქის ტუჩივით მოღრეცილი პირით.

 

ვინაა შემპასუხებელი, არც ერთ ჟურნალისტს ან რეპორტიორს არ უკითხავს მისთვის, მაგალითად, მთვარისა ნავერიანს რომ ჩასცხო მამლაყინწა გვარამიამ, იმაზე პასუხი რატომ არ უგია, არც კი გამოუკითხავთ პატივცემული ნიკოლოზი, არათუ დაუსჯია ვინმეს. არც ქალთა უფლებების ე.წ. დამცველებს და „ფუჩუ“ ორგანიზაციებს ამოუღიათ ხმა – ქალი იჩაგრებაო. ეს ერთი შემთხვევა გამახსენდა ახლა, თორემ, მსგავსი ორმაგი სტანდარტი რამდენიც გინდათ, იმდენია.

 

ხაბეიშვილი კი ყვირის და ჯღავის, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რაც უნდა მოხდეს, ყველაფერზე და ყველაფრის გამო ბიძინა ივანიშვილს რომ ადანაშაულებენ.

 

თქვე მენტალურად დუხჭირებო, ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს, ერთმანეთს დაერეოდით, დაძიძგნიდით, ქვეყანას დააქცევდით და თქვენი დორბლიანი, თმაშეღებილი და დაბოტოქსებული ბელადის, მიშიკო გარეკილის მიერ ბოლო ხანებში კავკასიაში ისედაც ბევრჯერ შერცხვენილებს კიდევ უფრო მოგვეჭრებოდა თავი.

 

ოპოზიცია არა, კვახი!

 

ოპოზიციად ვინც დღეს თავს წარმოადგენს, თავის დროზე ყველა ერთმანეთს „ებრძოდა“, ახლა გაერთიანდნენ ვითომ, სინამდვილეში, ივანიშვილისადმი ბოღმამ გააერთიანა ესენი და იმან, რომ ბიძინა ივანიშვილს ზოგიერთ მათგანზე ცოტა მეტი ფული აქვს. გაგეცინებათ და სწორედ ამაშია საქმე, თორემ ქვეყანა და ხალხი ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

 

მაგალითად, წლების წინ შალვა ნათელაშვილი ამბობდა: „გიგი უგულავა იყო სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი. 7 ნოემბრის მთავარი ჯალათი“...

 

მოგეხსენებათ, „პადრუჩკგამოდებული“ მოდიოდნენ სულ ახლახან ნათელაშვილი და უგულავა დედაქალაქის მთავარ მოედანზე, „რუსეთუმე“ ივანიშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.

 

მათ მხარესაა გაჭირვებულ ქართველ ხალხზე მოძალადე და ეკონომიკურად ბეჭებზე მათი არაერთხელ დამდებელი, „ლელოს“ მსურველი, ვითომ ბიზნესმენი, ჰალსტუხიანი ყაჩაღი მამუკა ხაზარაძე, რომელზეც სააკაშვილი ადრე ამბობდა: „ხაზარაძემ და ამ კრიალოსანმა ბიჭებმა, ხელფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ (ის) წრე, ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს, ერთი მევახშის ბატონობის მე-8 წლისთავსო“.

 

„როცა პრეზიდენტი ხარ, პასპორტს იცვლი და ამბობ, რომ იცით, რა, დამიჭერდნენ და ა.შ. და მთავარსარდალი ხარ, იქ ჩემთვის მთავრდება „ყველაფერიო“, – საპასუხოდ ღაღადებდა „ხაზარა“ მიხეილ სააკაშვილზე.

 

„აქციას ვმართავთ „თიბისი ბანკისა“ და მისი მეპატრონის, ბანდიტი ხაზარაძის წინააღმდეგ, რომელიც არის მთავარი ბიზნესრეკეტიორი ქვეყანაში“, – გაჰკიოდა გიორგი გუგავა ლეიბორისტების მიერ მოწყობილ საპროტესტო მიტინგზე.

 

ელისაანთ ალეკო ახლა რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის იდეურ მტრად გვევლინება და იმ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, სინამდვილეში, დაბოღმილთა კავშირს რომ უდგას მხარში, ადრე „ნაცმოძრაობის“ წევრებს თითს უქნევდა: „თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ, თუ შეიძლება, რაღაცა სისხლები და ვაიმე, ქინძი იყო და თან შმაშურით რომ ლაპარაკობს, გაგიჟდება კაცი, რა. ის კაცი დააოკეთ“.

 

ხოლო გუბაზი, მამამისის, ლევან სანიკიძის მრავალჯერადი სირცხვილი და თავის მოჭრა, კაცი, რომელიც მიშა სააკაშვილზე ამბობდა: „აგვისტოს მერე (2008 წლის აგვისტოს ომზე ლაპარაკობს – ი.კ.) აი, ამ ბიჭმა, მიშიკომ, აი, ეს გააკეთა და ამისთვის არის დასასჯელი და ამას არ ვაპატიებ მე, ყველამ რომ აპატიოს“. ამის მერე იყო, სულ ახლახან მიშიკოს რომ ესტუმრა კიევში და საქართველოა გადასარჩენიო და მიშას უნდა მივმართო დასახმარებლადო, რომ გამოაცხადა ამ ცომის გუნდამ. გამდიდრება მინდაო, 2012 წლის სატელეფონო ჩანაწერში რომ ბურდღუნებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, არ ბურდღუნებს, სხლავს და ტიკტიკებს ნინო ბურჯანაძე, რომელიც ადრე ამბობდა: „ვპირდები, საქართველოს მოსახლეობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად ჩავდებ პოლიტიკურ სამარეშიო“. მოგეხსენებათ, ქალბატონი ნინოც „ნაცმოძრაობის“, ანუ მიშას კუდების და მისი თანამოაზრეების გვერდით დადგა, როგორც კი კრიზისი დაუდგა საქართველოს და კრიზისი კი კარგა ხანია უდგას ჩვენ ქვეყანას შინაური მტრების გამო, რომლებიც ერთს გაიბუტებიან და მაშინვე ამერიკას მიემგზავრებიან, ან ევროპას მიაშურებენ ხოლმე ბიძიებთან და ბიცოლებთან ჩვენი ქვეყნის, ხალხის, საკუთარი სამშობლოს დასასმენად და „ჩასაბოზებლად“ ისე, როგორც ამ ბოლო დღეებში ლომჯარია დაგვემუქრა: სტრასბურგში წავალ და თავს მოვიდრეკ, მუხლს მოვიყრი, ოღონდ ესენი დამასჯევინაო.

 

ლომჯარიას რაც შეეხება და მის სახალხო დამცველობას, ეს ცალკე და ვრცელი საუბრის თემაა, ამიტომ, მანამდე „ქალბატონი“ ძმების – ბერძენიშვილების სიტყვაკაზმულობებს უსმინეთ.

 

დავით ბერძენიშვილი: „მიშა სააკაშვილთან ერთად შეუძლებელია ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება“.

 

„ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ღირსების გრძნობის ნატამალი არ აქვს“, – დასძენდა თავად ღირსებასთან ძლიერმწყრალი ლევან ბერძენიშვილი.

 

ბოლოდროინდელ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე ზურაბ „გირჩს“ წამოსცდა სიმართლე და თქვა: „ოპოზიცია არის ნაგავი“!

 

ოპოზიციონერ ხაბეიშვილს რომ წამოარტყეს (ჭკუას მაინც ვერ სწავლობს და რა გინდათ), მიცვივდნენ საკრებულოსთან ხატია დეკანოიძე, თმაშეჭაღარავებული ზალიკო უდუმაშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – გურულობის „პონტში“ და სხვანი და სხვანი, ოპოზიციონერნი, მწუხარე სახეებით და დაგმეს ხაბეიშვილის წამოთაქება და უკაკუნეს საკრებულოს კედლებს და კარებს.

 

მერე მსხვილბარკლიანმა (ფეისბუქზე შეარქვეს) გიგი უგულავამ გამართა ასევე მშფოთვარე პრესკონფერენცია.

 

ამასობაში კონგრესმენები წერენ და წერენ ჩვენი და ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებს და პეტიციებს.

 

კორონავირუსი კი მოაბიჯებს ჰელოუინის საფრთხობელასავით დიდი თავით, ფართო ნესტოებით და წვრილი თვალებით, ღამურას ფრთებით და გველის გენით.

 

რას ვუძლებთ? – ხანდახან მწარედ მეცინება ამაზე, მაგრამ არაუშავს – დრო ყველას და ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს, ყველას გაუსწორებს ანგარიშს, როგორც მხცოვან თენგიზ სიგუას, რომელიც ახლობლებმა ისე დაასაფლავეს, პანაშვიდებიც გაასაიდუმლოეს და დაკრძალვის ადგილიც. დრო გავა და ყველაფერს და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, როგორც ადამიანების ცხოვრებას, ისე სახელმწიფოების და ერების ცხოვრებასაც.

 

ქართველმა ერმა ვაჩვენეთ და დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია თანაცხოვრება მახინჯ და ბნელ ძალასთან და კოჰაბიტაციის მძიმე და უსამართლო გამოცდაც ჩავაბარეთ, ისე, რომ ვერავინ გამოიშვერს თითს ჩვენკენ ნაცების მიერ მოსყიდული ორიოდე კონგრესმენის მეტი და ვერ იტყვის, რომ ჩვენ არადემოკრატიულად და არაცივილიზებულად ვცხოვრობთ ამ უსამართლობით გაჟღენთილ და დაღლილ მსოფლიოში.

 

ირანდა კალანდაძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner