logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიმაკაძე: მალხაზ მაჩალიკაშვილს პრეტენზია არ ჰქონია მისი შვილის ოთახიდან ხელყუმბარის ამოღებისას
- +

7 თებერვალი. 2020. 17:08

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით,  პანკისში სპეცოპერაციის შემდეგ, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩხრეკას, ოჯახის უფროსი, მალხაზ მაჩალიკაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით მალხაზ მაჩალიკაშვილი უარყოფს, რომ ჩხრეკის ოქმებს ხელი მოაწერა, თუმცა, არსებობს დოკუმენტები, სადაც მისი არაერთი ხელმოწერაა.  

 

როგორც ირაკლი ჩიმაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩხრეკის დროს ხელყუმბარის ამოღება, მისი მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით მოხდა.

 

„დიახ, ჩხრეკას ესწრებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც ჩხრეკის ოქმს არაერთგზის მოაწერა ხელი და არავითარი პრეტენზია არ განუცხადებია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილის ოთახიდან ხელყუმბარა იქნა ამოღებული, არ უთქვამს, რომ მის ვაჟს ხელყუმბარა არ ჰქონდა, „ჩაუდეს“ და ა.შ.  მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ამის თაობაზე ჩხრეკის ოქმშიც არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებია. ერთადერთი შენიშვნა, რაც მან ოქმში დააფიქსირა, ჩხრეკის დროს ამოღებულ თანხას ეხებოდა, რომელზეც განაცხადა, რომ მის ქალიშვილს ეკუთვნოდა“, - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.

 

ირაკლი ჩიმაკაძის განმარტებით, ჩხრეკისას ამოღებული თანხის წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არაა. მისი თქმით, არსებობს ვერსია, რომ ფული, რომელიც ჩატაევს და მის დაჯგუფებას ერიცხებოდა, თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონოდა მიბარებული.

 

„თანხის წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, რამდენიმე ვერსია არსებობს. კერძოდ, ის ფული, რომელიც მაჩალიკაშვილსა და ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ სხვა პირებს უცხოეთიდან ერიცხებოდათ, შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა მიბარებული.

 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე უცხოეთიდან თანხა ჩარიცხა, ახმედ ჩატაევის ძმის ცოლი იყო და ლოგიკური იქნებოდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი, როგორც მამა, დაინტერესებულიყო, რატომ ურიცხავდა მის შვილს თანხას ტერორისტის ოჯახის წევრი?!“ - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner