logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისის ტრაგედია გაიხსენა
- +

13 ივნისი. 2016. 10:23


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, რაც დედაქალაქში შარშან ხდებოდა, თუმცა, ნამდვილად სანუგეშოა იმ კონსოლიდაციის  და გადარჩენილი სიცოცხლეების გახსენება, რაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა.

 

„ნამდვილად გვანუგეშებს ასევე ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, რომელიც მართლაც ისტორიული იყო იმ დღეებში. ალბათ, მადლობის თქმაც უადგილოა და უბრალოდ აღფრთოვანება უნდა გამოვხატო იმ ახალგაზრდა თაობის თითოეული წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს. როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, გიჩნდება კითხვა, მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში? თუმცა, ნამდვილად გამამხნევებელია თითოეული ჩვენგანისთვის იმ კონსოლიდაციის შეგრძნების გახსენებაც კი", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 65 ოჯახს მთავრობამ საცხოვრისის შესაძენად თანხა უკვე გამოუყო, უდიდესი უმრავლესობა უკვე დაბინავებულია და პროცესი გრძელდება, ბევრი ადამიანის ბინას კი სარემონტო სამუშაოები უტარდება.

 

„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აღდგა ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადმოგვცა ცხოველები. დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა დასკვნა იმ ზონების შესახებ, სადაც ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც მომავალში რისკს აგვაცილებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასულ წელს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე 8 ადამიანის გადარჩენას შესწირა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სიმბოლურია, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მთავრობა მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაუმჯობესების ინიციატივას განიხილავს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით მომზადდა.


მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის შემთხვევაშია, ოჯახს ერთჯერადად 100 ათასი ლარი, ხოლო შემდგომში ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა გადაეცემა.


„რა თქმა უნდა, ყველა მათგანს უნდა ვუსურვოთ მშვიდობიანი მოღვაწეობა, მაგრამ ვფიქრობთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner