დღეს საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხ კანდიდატს ვალერიან ვაჭარაძეს, დარიკო თორდიას, სოფიო შენგელიას და ირაკლი შოთაძეს უყარა კენჭი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საპროკურორო საბჭოს თორმეტმა წევრმა. მათ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე მისცეს ხმა.
ხმების დათვლის შედეგად გამარჯვებულ კანდიდატად ირაკლი შოთაძე დასახელდა. მან 11 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; კანდიდატმა სოფიო შენგელიამ 1 დადებითი ხმა და 11 უარყოფითი ხმა მიიღო. კანდიდატმა ვალერიან ვაჭარაძემ 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი; კანდიდატმა დარიკო თორდიამ კი 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს პარლამენტს.
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.