logo_geo
eng_logo
შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა
- +

7 თებერვალი. 2020. 22:15

 

 

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მოხვდა 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. დოკუმენტში ასევე საუბარია უწყების მიერ მიღწეულ პროგრესსა და განსახორციელებელ რეფორმებზე.

 

ყოველწლიურ ანგარიშში ხაზგასმულია სამართალდაცვით სფეროში საქართველოს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპოლთან. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მძიმე და ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულების აღმოფხვრის მიზნით პოლიციის ატაშეების გაგზავნა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უვიზო მიმოსვლის კუთხით, საქართველო პროაქტიულად აგრძელებს თავისი მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასა და თავშესაფრის მოთხოვნასთან ბრძოლის მიმართულებით საჭირო ზომების მიღებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ თემაზე ერთობლივად, აქტიურად მუშაობენ.

 

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი გახდა.

 

ასევე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე მუშაობა.

 

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში აღინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საზღვრის მართვის საკითხებში თანამშრომლების გადამზადების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით პოლიციის აკადემიის სასწავლო პროგრამების დახვეწა.

 

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საფუძველზე პოლიციისთვის მიმართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2017-დან 2018 წლამდე 75%-ით გაიზარდა პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდენების რაოდენობა.

 

ანგარიშში დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციების, ასევე, ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას გულისხმობს.

 

დოკუმენტის თანახმად, გაფართოვდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის რეფორმის არეალი, გაუმჯობესდა ცენტრალიზებული ანალიტიკური საქმიანობა. ასევე, დადებითადაა შეფასებული სამინისტროს მიერ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

ევროკავშირის წლევანდელი ყოველწლიური ანგარიში, 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, უკვე რიგით მეოთხე ოფიციალური სამუშაო დოკუმენტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგი მომდევნო წლებისთვის განახლდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner