logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
- +

7 თებერვალი. 2020. 23:28

 

 

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორ ჩინელ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ დაუდასტურდა.

 

მისი ინფორმაციით, თუ ამ პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესდება, ისინი საავადმყოფოს ხვალ დატოვებენ.

 

„გუშინ, ღამის საათებში შემოყვანილ იქნა ორი ჩინელი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი. მათგან ერთი საქართველოში ჩამოვიდა 4 თებერვალს, მეორე 29 იანვარს, ისინი, რამდენადაც მე მაქვს ცნობა, მუშაობენ ახმეტაში და აუწიათ ტემპერატურა გუშინ და წამოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. მათ დაუმთავრდათ ყველა გამოკვლევა. მათ არ აქვთ პნევმონია, რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არ აქვთ გრიპის ვირუსი, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის გამოკვლევით და კატეგორიულად გამოირიცხა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. მათ აქვთ ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება, არა კორონავირუსით და არა გრიპის ვირუსით გამოწვეული.

 

ორივე მათგანი რჩება ჩვენთან. ხვალამდე დავაკვირდებით, თუ რაიმე სიმპტომები არ გამოჩნდა, მდგომარეობა არ გაუარესდება, და არ გაუარესდება, რადგან ლაბორატორიულად მათ არაფერი არ აქვთ, ხვალ ორივე გაეწერებიან“,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ ჩინელ მამაკაცს, ცერცვაძის განმარტებით, ის “ბ” ტიპის გრიპზე მკურნალობს.

 

„ამის გარდა რჩება ერთი ჩინელი მამაკაცი, რომელიც მანამდე შემოვიდა და მასაც ახალი კორონავირუსით ინფექცია არ დაუდასტურდა, დაუდგინდა “ბ” ტიპი და მკურნალობს “ბ” ტიპის გრიპის დიაგნოზით. მას გრიპისთვის დამახასიათებელი ტიპური კლინიკური სურათი აქვს - მაღალი სიცხე, ახველებს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. დარჩება ალბათ 2-3 დღე, სანამ არ განიკურნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 13 ადამიანიდან, ვინც ინფექციურში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევად შეიყვანეს, არც ერთს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა.

 

„ყველა, ვინც ჩვენთან იწვა, სულ 13 კაცი იყო მოყვანილი კორონავირუსის საეჭვო შემთხვევად და არც ერთს არ დაუდასტურდა ლაბორატორიულად. ამიტომ ესენი აღარ საჭიროებენ მკურნალობას, ისინი გაწერილები იქნებიან კლინიკიდან ბინაზე. მხოლოდ მათ, ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ , თუ არ გასვლიათ 14 დღიანი პერიოდი, ისინი იქნებიან ეპიდემიოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. ის, ვისაც გრიპი აქვს, ვუმკურნალებთ, როგორც გრიპს. არც ამჟამად და არც აქამდე შემოსულ პაციენტებში მცირედი ეჭვიც კი არ დარჩენილა კორონავირუსის არსებობის თაობაზე“,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner