„ჩვენ ვართ ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული, ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი არის გუშინდელ დღეზე ორიენტირებული. ჩვენ გვინდა, რომ განათლების რეფორმა გავაკეთოთ, ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ ახალი კანონმდებლობა ბიზნესის ხელშესაწყობად, ოპოზიციას უნდა, რომ ეს ყველაფერი დაბლოკოს. ჩვენ გვინდა ძლიერი პარლამენტი, რომელიც ანგარიშვალდებულს ხდის მთავრობას, ოპოზიციას უნდა, რომ პარლამენტმა მუშაობა შეაჩეროს. ეს არის რეალური კონტრასტი და ამას ამერიკაში ჩვენი მეგობრები ხედავენ უკვე“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით ამერიკელი კოლეგების კითხვები გამოიწვია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ პოლიტიკურ პარტიებს შორის. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არის კომპრომისული და სამართლიანი შეთავაზება გაკეთებული ოპოზიციის მისამართით, რაც ეხება 2020 წლის არჩევნების ჩატარებას კომპრომისული მოდელით და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონკრეტული გადაწყვეტილებებით და არგუმენტებით არის ჩასული.
„ჩვენი შეთავაზება 100/50-ზე არის მოლაპარაკებების მაგიდაზე. ოპოზიციისგან უკვე მომდევნო რაუნდზე ველოდებით პასუხებს. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ამას, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს იხურება, იმიტომ, რომ ჩვენ დრო აღარ გვრჩება ფიზიკურად, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში. ამას სჭირდება სამი თვე მინიმუმ და მოგეხსენებათ, უკვე ეუთო/ოდირის დასკვნაც მივიღეთ, სადაც წერია, რომ სასურველია საერთოდ ხელისუფლებამ და პარლამენტმა არ ახლოს ხელი საარჩევნო სისტემის დიდ ცვლილებებს საარჩევნო წელიწადში, რასაც თუ გავითვალსიწინებთ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი რჩება, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შეთავაზება ძალაშია და ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ ნამდვილად. არც ისე არ უნდა გაიგოს არავინ, რომ ხელისუფლება მხოლოდ ამ დესტრუქციულ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე ამყარებს იმედებს. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამ მოდელს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვყავს განვითარებული და ძლიერი საზოგადოება, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს მომავალი იყოს პოზიტიური და უზრუნველყოფს იმას, რომ გავაგრძელოთ საქმე, რისი გაკეთებაც ყველას გვჭირდება და გვინდა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.