logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძეს პარლამენტში მხარდაჭერა ექნება
- +

8 თებერვალი. 2020. 12:56

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი შოთაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ გამოძიებები არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე ძალიან ეფექტურად ჩაატარა.

 

„როგორც კი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან მიმართებაში საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა, ასევე, დაზარალებულებს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ჰქონდათ კითხვები ირაკლი შოთაძესთან, როგორც მთავარ პროკურორთან, მან ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის სკამი და თანამდებობა მთავარი არ არის და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგ იცით, რომ გამოძიება გაგრძელდა, ის ამ გამოძიებაში ჩართული არ იყო. გამოძიებამ საბოლოო შედეგები გამოკვეთა, პასუხისგებაში მიეცნენ სხვა ადამიანებიც. დღეს, მეტწილად, ამ საქმეზე, როგორც დაზარალებულთა განცხადებებიდან იკვეთება, კითხვები მოხსნილია. შესაბამისად, როდესაც საპროკურორო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტი, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად განიხილავს ამ კანდიდატურას. ადრეც გითხარით და ახლაც გეუბნებით, რომ უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძეს პარლამენტში მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აირჩია. საპროკურორო საბჭომ შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს განსახილველად უნდა წარუდგინოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner