„დასკვნაში, რომელიც ჩამოვიდა, შავით თეთრზე, ძალიან გარკვევით წერია, რომ რეკომენდაცია არის ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ჩვენ ამას დავეყრდნობით, საერთოდაც, ოპოზიციის მოთხოვნები დღეს უკვე, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, გამოდის, რომ ეუთო-ს და ოდირისთვის არის მიუღებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეუთოს რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებას დაწყებული აქვს უკვე ერთი წელია. ოპოზიციაც იყო ამ პროცესის მონაწილე. მისი თქმით, რეკომენდაციები და მათთან დაკავშირებული ნაბიჯები პარტნიორებმაც იციან.
„თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ცვლილება მოხდებოდა 2024 წელს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიმყოფებით თავდაპირველი გადაწყვეტილების სტატუს-კვოში. დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, და მოსახლეობას და ჩვენს საზოგადოებას რეალურად აინტერესებს თუ რამდენად სტაბილური იქნება პოლიტიკური მმართველობა მომავალში, და ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქმედითი ინსტიტუტები, ჰყავდეს მთავრობა და ჰყავდეს პარლამენტი. ეს როგორ მოხერხდება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში უკვე წერია. მათ გვითხრეს, რომ სამივე სისტემა, შერეულიც, პროპორციულიც, მაჟორიტარულიც არის ლეგიტიმური და სამივემ შეიძლება უზრუნველყოს პოლიტიკური მმართველობა. რაც შეეხება უახლეს დასკვნას, რომელიც ჩამოვიდა, იქ შავით თეთრზე, ძალიან გარკვევით წერია, რომ რეკომენდაცია არის ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ჩვენ ამას დავეყრდნობით, საერთოდაც, ოპოზიციის მოთხოვნები დღეს უკვე, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, გამოდის, რომ ეუთო-ს და ოდირისთვის არის მიუღებელი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ არჩევნები არსებული მოდელით ჩატარდება.