„ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა რეფორმებშიც, დემოკრატიის და უსაფრთხოების გაძლიერებაში და ყველა გეგმაში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაში შედის. ამ შეხვედრებმა ნათლად მაჩვენა, რომ საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას აქვს აშშ-ის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმის“ ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონგრესმენებს რასაკვირველია არ ჰქონიათ და არ აქვთ ინფორმაციის მიღების პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ რა მიზნით იყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ლობისტურ კომპანიას.
„მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კონგრესმენებს ჰქონდათ ინფორმაციის მიღების პრობლემა. არ გეთანხმებით, სიმართლე არის ის რომ კონგრესმენებს არ აქვთ ინფორმაციის მიღების პრობლემა და წარსულშიც არა მგონია, ამის პრობლემა ჰქონოდათ. რაც შეეხება ლობისტურ კომპანიებს, აქ თვითონ ლობისტური კომპანიის აყვანა კონტრაქტით კი არ არის პრობლემა, არამედ თუ რაში იყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ლობისტურ კომპანიას. აქ გამოიკვეთა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიებიც შესაძლოა, ლობისტურ კომპანიებს და თავის გავლენებს აქ, ვაშინგტონში იყენებენ იმაში, რომ შეულახონ იმიჯი მომავალ არჩევნებს, თავის ქვეყანას, მთავრობას და ამის ხარჯზე სცადონ იმის დაბალანსება, რომ ქვეყანაში, სადაც მათ უნდა ჩაატარონ კამპანია, ელაპარაკონ თავის მოქალაქეებს. ამ საუკუნეში ინფორმაციის მოპოვება არცერთი კონგრესმენისთვის არ არის პრობლემა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სენატორებს და კონგრესმენებს გამოუჩნდათ საქართველოში მთარგმნელები ოპოზიციის მხრიდან, რომლებმაც ეს წერილები ისე თარგმნეს, თითქოს საქართველო კარგავს ამერიკის მხარდაჭერას და რომ თითქოს ამ ხელისუფლებასთან აღარ აპირებს ამერიკა თანამშრომლობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არის სიცრუე,
„ბატონი ივანიშვილის განცხადება იყო აბსოლუტურად არასწორად ინტერპრეტირებული ქართულ მედიაში, ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან პირდაპირი. ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობა და გვსურს რომ მომავალში კანონის უზენაესობა იყოს უფრო ძლიერი, შესაბამისად თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და არღვევს კანონს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და პასუხი აგოს დანაშაულისთვის, ამისგან დამცავი ვერ იქნება ვერც მედია ორგანიზაციის დაფუძნება, დარეგისტრირება და გაფორმება მის ხელმძღვანელად, ვერც პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირება. კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ მან დაარღვია კანონი, მიუხედავად სტატუსისა, აგებს პასუხს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.