დიდუბის რაიონის გამგეობა, დიდუბესა და დიღმის მასივში დაავადებული და ხმობადი ფიჭვებისა და ალვის ხეების სანიტარიულ ჭრებს განაგრძობს. მიმდინარე წელს, 106 დაავადებული და ხმობადი მცენარე მოიჭრა, ფორმირება ჩაუტარდა 13 ხეს, ხოლო სხვლა-ფორმირება - 389-ს. დიდუბის რაიონში აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. დაავადებული ხეების ნაცვლად, გამგეობა ჯანსაღი, დიდი ზომის ხეების დარგვას გეგმავს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრინვუდი“ ახორციელებს. დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი. დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარებაა აუცილებელი.